LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი თამრიკო გვერდწითელთან დაპირისპირებაზე, ოლიმპიადაზე და რუსულ პროექტებზე, რომლებზეც უარი თქვა

64

გუშინ „ავტორადიოს“ ეთერში ახალი გადაცემა დაიწყო, სახელწოდებით „VIP-ზონა“, რომელიც შოუბიზნესურ და ყვითელ თემებს ეძღვნება. გადაცემის პირველი სტუმარი გახლდათ „კულტურის პალატის“ პრეზიდენტი, დათო ოქიტაშვილი

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ რუსულ პროექტებზე უარს ამბობს. „ჩვენ ყოველთვის ვარჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებდნენ დღევანდელ რეჟიმს რუსეთში. თქვენ იცით, რომ ბოლო ინციდენტი, როცა საერთოდ უარი განვაცხადე რუსების ჩამოყვანაზე, იყო ბეზრუკოვის ამბავი, მისი გასტროლი მოვხსენი რუსთაველის თეატრში, რადგან მან ყირიმის ანექსიას დაუჭირა მხარი. იცი, რამ გამაგიჟა? ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი გამოვიდა და თქვა, ეს ადამიანი გვიყვარსო. აზრი ორად გაიყო. ვერ დავუპირისპირდებოდი მათ. რომ არ მოხდეს ასეთი დაპირისპირებები, უარი განვაცხადე.
მქონდა ალა პუგაჩოვასთან მოლაპარაკება, 25 ოქტომბერს უნდოდა თბილისში კონცერტი, მაგრამ ვთხოვე თავის შეკავება. დაიწყო საუბრები, ბარემ ზიკინა ჩამოიყვანეთო. ვფიქრობ, ალა პუგაჩოვა წლის ბოლომდე რუსეთს პროტესტის ნიშნად დატოვებს და ისრაელში გადავა და მოვილაპარაკეთ, რომ იქიდან თბილისში გამოემგზავრება. სხვათა შორის, ძალიან გაუკვირდა, თქვა, ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ქართველი მსმენელის მიმართო… ”

გადაცემაში დაისვა შეკითხვა თამარ გვერდწითელთან დაპირისპირების შესახებ, რაზეც დათო ოქიტაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „ეს ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდა, რადგან თამრიკომ გაიგო, რომ ჩემი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. სამსახურში მისულს ოთხი შავოსანი დედა დამხვდა აფხაზეთში დაღუპული შვილის ფოტოებით, ჩამირთეს და მომასმენინეს სიმღერა, რომელიც თამრიკო გვერდწითელმა სოსო პავლიაშვილთან ერთად შეასრულა. მე განვაცხადე, რომ თუ ეს იმღერეს, ამით შეურაცხყოფა მიაყენეს დაღუპულ ბიჭებს. თამრიკოს ძალიან ეწყინა და იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ სასამართლოში აპირებდა ჩივილს. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, არაჩვეულებრივი მომღერალი და ადამიანია და მიხარია, რომ მისი პროდიუსერია რეზი ახრახაძე, რომელმაც ჩემგან ბევრი რამ ისწავლა. მათ არავინ ებრძვის და მინდა, წარმატებები ვუსურვო. სოსო პავლიაშვილს პირადად ველაპარაკე, ის ჩემი უფროსი შვილის ნათლიაა და მითხრა, რომ ეს ძველი ჩანაწერი იყო, მაგრამ მე ვუპასუხე, რომ ახალი გავრცელებული იყო. როდესაც ასეთი დაძაბული ურთიერთობაა, ამას შვილმკვდარი დედა ვერ გაიგებს. თუ თქვენ ეს იმღერეთ, თქვენი ქვეყნის წინაშე შეცდომა დაუშვით-მეთქი და სოსო მიხვდა. თამრიკოსთან პირადად არ მილაპარაკია, მის ახლო მეგობრებს ვესაუბრე. ორივემ ვიჩქარეთ განცხადებები და ნაწყენი ვიყავით, მაგრამ ეს კონფლიქტი ამოწურულია. მიხარია, რომ ის ფესტივალი, რომელიც ერთად დავიწყეთ, გრძელდება. გული არ მწყდება. დამწყდებოდა, რომ არ გაგრძელებულიყო…“
დათო ოქიტაშვილმა გუნდთან ერთად საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნასა და დახურვაზე იმუშავა. მან დაადასტურა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის თანხა, 350 000 ლარი, ჯერჯერობით გადასახდელია. ამის შესახებ ისედაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, ვინაიდან ცნობილია, რომ წამყვანებს, დიჯეებს და სხვა მონაწილეებს ანაზღაურება არა აქვთ აღებული. „ეს არ არის ჭორი, ნამდვილად არ აუღიათ ანაზღაურება. ოლიმპიურ კომიტეტთან გვქონდა ხელშეკრულება დადებული, გახსნის თანხა მთლიანად დაფარა, დარჩა დავალიანება კულტურის პალატის მიმართ 350 000 ლარი, დღეს მერიამ მაცნობა, რომ ამ კვირაში თანხა ჩაირიცხება და ჩვენ უნდა გავცეთ დავალიანებები. ყველას მინდა ბოდიში მოვუხადო. როგორც კი ჩაირიცხება, ყველა დავალიანებას გავისტუმრებთ“.

როგორც „VIP ზონასთან“ საუბრისას ოქიტაშვილმა თქვა, ის ექვსი თვის შემდეგ საქართველოში აღარ იქნება და მიემგზავრება უნგრეთში, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნას მოამზადებს საკუთარ გუნდთთან ერთად. 4 იანვარს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 83-ე იუბილეს ჯემალ სეფიაშვილის კონცერტით აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები