უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები დონბასის 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
უწყების ინფორმაციით, რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდიივკასა და ლიმანის მიმართულებით ახორციელებენ და ცდილობენ გააუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება კუპიანსკის მიმართულებით.
„გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 7 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე უკრაინის ტერიტორია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 73-ჯერ დაბომბეს“, – განაცხადეს გენშტაბში.
ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ არსებობს.
უკრაინაში მიმდინარე ომზე განცხადება გააკეთა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და თქვა, რომ ომები არაპროგნოზირებადია.
როგორც მანვე აღნიშნა, შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში.
„მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით ეს ომიც ასე დასრულდება, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტამდე ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა.
„რის მიღწევას შეძლებენ უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ ძალაზე. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გააგრძელებს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი, ფაქტობრივად, არის გზა მშვიდობისკენ“,– აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ომი, ფაქტია, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში სამუდამოდ შეიცვალა.
„მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ მიიჩნევს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მსოფლიო უფრო საშიში გახდა და ამ ფონზე NATO-ს ქვეყნების ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენ ერთად დგომას. არა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ. არა იმიტომ, რომ შეცდომებს არასდროს ვუშვებთ.
არც იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს და იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე.“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.