ბოლო რამდენიმე წელია დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ვანო ჭელიძეს და მის გუნდს, „ღამის შოუს სტუდიას“ ანდობენ. ვანოს ნამუშევრით ბევრჯერ აღფრთოვანებულან.
ამჯერად, მოწონება მის ფეისბუკ გვერდზე რაჭაში, სოფელ ნამანევში გადაღებულმა ფოტოებმა დაიმსახურა. დათოვლილ რაჭაში უკრაინული და ქართული დროშებით მორთული ნაძვის ხე, სოფლის შუაგულში, წისქვილთან დგას.
როგორც ვანო ჭელიძემ „ფორტუნას“ უამბო, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საკუთარი ხარჯებით მორთეს ნაძვის ხე.
„ნამანევი ნიკორწმინდა – ჭრებალოს გზაზეა. ჩემი ძალიან პატარა სოფელია. ყოველგვარი შეკვეთის გარეშე ავიყოლიე ხალხი და ასეთი სოლიდარული ნაძვის ხე გამოგვივიდა. სოფლის ცენტრში წისქვილია და ნაძვის ხისთვის სხვა ადგილის შერჩევისთვის არ გვიფიქრია“. – ამბობს ვანო ჭელიძე.
ვანომ და მისმა გუნდმა „ღამის შოუს სტუდიამ“ წელს საქართველოში რამდენიმე ნაძვის ხის დიზაინზე იმუშავეს.
„ქობულეთისა და ქუთაისის ნაძვის ხეები უკრაინელებთან ერთად გავაკეთეთ. ლვოვის ქარხანაში შევუკვეთეთ ნედლეული, ანუ წიწვები. ლვოვს რომ ბომბავდნენ, მაშინ ამზადებდნენ ჩვენს შეკვეთას. ვნერვიულობდით, შეიძლება ახალ წლამდე ვერ მოგვესწრო. ოქტომბერში დაიწყეს მზადება. საბედნიეროდ, ყველაფერი მოესწრო.
წელს ასევე ვიმუშავეთ რუსთავის, წნორის, სიღნაღისა და თელავის ნაძვის ხეებზე, ასევე ოზურგეთს გავუწიეთ კონსულტაცია. მგონია, რომ ნაძვის ხის მორთულობა ჩვენს ქვეყანაში დავხვეწეთ“. – ამბობს ვანო ჭელიძე „ფორტუნასთან“.
მისივე თქმით, რამდენიმეწლიანი ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და მისმა გუნდმა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვაში მიიღო მონაწილეობა.
„დედაქალაქის ნაძვის ხეც ჩვენმა გუნდმა მორთო. ნაძვის ხე, რომელიც დედაქალაქის მერიამ იტალიაში შეიძინა, სამი წლის წინ გადავაკეთეთ და აწყობის დროს კონსულტაციას ვუწევთ ხოლმე. სახელმწიფოს ბოლო ორი წელია, თბილისის ნაძვის ხეზე ტენდერი არ გამოუცხადებია. ორბელიანის ქუჩის ნაწილიც ჩვენმა გუნდმა გააკეთა. მიხარია, რომ ბევრს მოსწონს“. – ამბობს ვანო „ფორტუნასთან“.
ვანო ჭელიძე სოხუმში დაიბადა. ბავშვობიდან მხატვრობით იყო გატაცებული, მაგრამ ისე მოხდა, რომ არქიტექტურული ფაკულტეტის ნაცვლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურზე ჩააბარა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაიწყო, სადაც თსუ-ს ღონისძიებებს მხატვრულად აფორმებდა. მოგვიანებით, მის მიერ შექმნილი დეკორაციებითა და დიზაინით არაერთი ხელოვანი დაინტერესდა.
90-იან წლებში სატელევიზიო პროექტებისთვის სტუდიების მომზადებაში აქტიურად ჩაერთო. 2003 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა სატელევიზიო გადაცემა “ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად”.