LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრების დეფიციტი შრომითი რესურსის საზღვარგარეთ გადინებით არის გამოწვეული – BAG კვლევის შედეგებს აქვეყნებს

153
უცხოეთში მცხოვრები ემიგრაცია

2022 წლის მეოთხე კვარტალის BAG ინდექსის კვლევის შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 66% აღნიშნავს, რომ კადრების მოძიებისას მათ ექმნებათ პრობლემა და ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 14.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ ფაქტორებს, ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, გამოკითხულმა კომპანიებმა ძირითადად დაასახელეს  აპლიკანტთა არასაკმარისი რაოდენობა, აპლიკანტთა მხრიდან მაღალი ხელფასის მოლოდინი და აპლიკანტთა შეუსაბამო გამოცდილება. ამასთან, თუ 2021 წლის მე-4 კვარტალში კომპანიები კადრების დეფიციტის მთავარ მიზეზად აპლიკანტების არასაკმარის ცოდნის დონეს მიიჩნევდნენ, დღეს გამოკითხულთა 60.4% უმთავრეს ფაქტორად კადრების არასაკმარის რაოდენობას ასახელებს.

კვლევის თანახმად, აპლიკანტთა არასაკმარის რაოდენობაზე საუბრისას, ასოციაციის წევრი კომპანიები გამოყოფენ იმ მიზეზებსაც, რაც აღნიშნულ პრობლემას იწვევს, კერძოდ, გამოკითხულ კომპანიათა 83.9%-ის მოსაზრებით, შრომით ბაზარზე კადრების დეფიციტი შრომითი რესურსის საზღვარგარეთ გადინებით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 14.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ფაქტორებს შორის, აპლიკანტთა არასაკმარისი რაოდენობა ყველაზე ხშირად მომსახურებისა და მრეწველობის სექტორების მიერ დასახელდა, არასაკმარის რაოდენობასთან ერთად, აპლიკანტთა შეუსაბამო გამოცდილება – მშენებლობის სექტორის მიერ, ხოლო ვაჭრობის სექტორისთვის კადრების მოძიების სირთულე აპლიკანტთა მხრიდან მაღალი ხელფასის მოლოდინით არის გამოწვეული.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტალის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები