LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სეზონის წინ ტრენინგებს ატარებს

136
დფვ

ზამთრის ტურისტული სეზონის წინ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს „პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი უტარდებათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და წითელი ჯვარის ერთობლივი სასწავლო კურსი სამ ქალაქსა და სამ სამთო კურორტზე მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში ტრენინგებს ტურიზმის სფეროს 110 წარმომადგენელი ესწრება. სწავლება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.

“ჩვენ ვისაუბრეთ რას წარმოადგენს პირველადი დახმარება, ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, რაც საჭიროა დაზარალებულის დახმარებისთვის. ტრენინგები შედგენილია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის გაიდლაინის მიხედვით, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცავთ ყველა გლობალურ სტანდარტს, როდესაც ტრენინგის მონაწილეებს ვაწვდით ამ ინფორმაციას,“ – განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელმა ირაკლი წურწუმიამ.

„ზამთრის ტურისტული სეზონის წინ ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების გაწევის ცოდნა, მითუმეტეს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. ჩვენ უშუალოდ გვაქვს ურთიერთობა ძალიან ბევრ ხალხთან, ყოველდღე შეიძლება რაღაც შემთხვევა მოხდეს და უნდა ვიყოთ მომზადებული, ასეთი სიტუაციებისთვის დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი“ – , ამბობს სასტუმრო ბრიჯ ბუტიკის დირექტორი ხათუნა კაკულია.

„ეს ტრენინგი მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროსთვის, ტურისტებისთვის, რადგან ზამთრის სეზონი მოდის, უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა გავუწიოთ ტურისტებს პირველადი დახმარება. დაშავებული სტუმარი პირველ რიგში ჩვენ მოგვმართავს და უნდა ვიცოდეთ როგორ დავეხმაროთ მათ“, – აცხადებს სასტუმრო ბიოგრაფის წარმომადგენელი ილონა ონგანეზოვა.

სასწავლო კურსი შემდეგი თემებისგან შედგება: პირველადი და მეორადი დათვალიერება, გულ-ფილტვის რეანიმაცია, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველადი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში, პირველადი დახმარება ჭრილობის დროს, პირველადი დახმარების აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს და ა.შ.