LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალოდ ინფლაცია შემცირდა – კობა გვენეტაძე

131
კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარდგენისას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე ისაუბრა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ, საშუალოდ ინფლაცია შემცირდა.

„მოგეხსენებათ, 2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო და 2009 წლიდან თუ ავითვლით, მისი საშუალო დონე 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. შეგახსენებთ, რომ 1996-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 10.2% იყო. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს, ძირითადად, განვითარებად ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპის გამო, არავაჭრობად სექტორში შედარებით მაღალი ინფლაციით აიხსნება. შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დოლარიზაციაც, მიუხედავად ჯერ კიდევ მაღალი დონისა, ინფლაციის თარგეთირების შემოღების წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა, რაც დღესდღეობით გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძის განცხადებით, ფასების სტაბილურობა  მაღალი და სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა.

“ფულად ბაზარზე მიზნობრივი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტებს იყენებს: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები მეორად ბაზარზე, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა. ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს აღემატება. პანდემიის პერიოდში, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ინფლაციური წნეხი ძლიერი იყო. მსოფლიო მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა მიწოდების ჯაჭვების რღვევა გამოიწია და პროდუქტის წარმოების ხარჯები გაზარდა. ამავდროულად, მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა. ინფლაციური წნეხი საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამაც გაამწვავა”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები