14 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სერვისი ე.წ. CAR RENTAL – მანქანის გაქირავება ემატება. აეროპორტის მგზავრებს შესაბამის სერვისს საერთაშორისო კორპორაცია Enterprise გაუწევს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, ALAMO – აეროპორტის მგზავრებს ბიუჯეტურ ავტომობილებს შესთავაზებს, ENTERPRISE rent a car – საბაზისოს, ხოლო NATIONAL – პრემიუმ კლასის ავტომობილებს. კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ.
„მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების სერვისი ჩვენს აეროპორტში კოვიდამდე გვქონდა, თუმცა პანდემიის შემდეგ, განახლებულ აეროპორტში აუქციონის გზით ახალი, საერთაშორისო ამერიკული კორპორაცია ENTERPRISE შემოგვყავს“, – განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
კორპორაცია ENTERPRISE 65 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. დღეის მდგომარეობით კომპანია წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში 9,500-ზე მეტი ლოკაციით, დასაქმებული ჰყავს 80,000-მდე ადამიანი და ფლობს 1.7 მლნ-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას. საქართველოში კომპანია 2017 წლიდან ოპერირებს და ჰოლდინგში შემავალი სამივე ბრენდით არის წარმოდგენილი.