ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმის პროკურორის, გიორგი ნადირაძის განცხადებით, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს.
პროკურორი აღნიშნავს, რომ დაზარალებულს მრავალი ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის, მკვრივი, ბლაგვი და მსხვილი ბასრი პირის მქონე საგნებით.
გიორგი ნადირაძის თქმით, ბრალდების მხარის გონივრული მოლოდინი არის, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდება.
„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს. სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის, საკითხი შეაფასოს, გაუპატიურებას ადგილი ჰქონდა თუ არა, დასმული კითხვები ეხებოდა იმას, ჰქონდა თუ არა, დაზარალებულს დაზიანებები. რა სახის არის დაზიანებები, სად არის განთავსებული, რა ხანდაზმულობისაა, ასევე სხვა მტკიცებულებებს მხარეები სასამართლოში წარვადგენთ. ბრალდების მხარის გონივრული მოლოდინი არის, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდება”,- განაცხადა ნადირაძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ლაშა ნაკაიძე 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით აღიძრა – „მთავარი არხი“ ტელეწამყვანთან თანამშრომლობას წყვეტს
ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – მოსამართლემ სხდომა დახურა