ქალთა უფლებადამცველი და ორგანიზაცია „საფარის ხელმძღვანელი“ ბაია პატარაია ბოლო დღეებში მომხდარი გაუპატიურების და 12 წლის მოზარდის მშობიარობის ფაქტს ეხმაურება და იმ პრობლემებზე მიუთითებს, რაც აღნიშნული შემთხვევებით კიდევ ერთხელ გამოვლინდა:
„12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო. მარტო ის ფაქტი, რომ უხარია, უკვე გვიჩვენებს, როგორი პატარაა ბავშვი, და რამდენად ვერ იაზრებს რაშია გახვეული, თოჯინობანა ჰგონია დედობანა.
11-12 წლის ბავშვს იცნობთ? შეიძლება მან მიიღოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით სექსზე? რა ცოდნა აქვს ან რა სიმწიფე, რომ გაისიგრძეგანოს, რა არის სქესობრივი ურთიერთობა და მიიღოს გადაწყვეტილება ამაზე? ეს ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურებაა. ბავშვის მოტყუება და მანიპულირება ხომ ადვილია…
14 წლის გაუპატიურებული გოგო საკუთარმა ღორმა მამამ ისე სცემა, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 14 წლის გაუპატიურებული ნინი რომ სუიციდამდე მიიყვანა საკუთარმა ოჯახმა და გარემომ, ეგეც ხომ გვახსოვს?!
ანა არღანაშვილი: „12 წლის და 16 წლის ბავშვებს რომ სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და როგორ ხდება ორსულობისგან თავდაცვა - ეს შემთხვევა არ მოხდებოდა“
სტატისტიკა აჩვენებს, რომ იქ სადაც ბავშვებს აქვთ სრულფასოვანი სქესობრივი და რეპროდუქციული განათლება, უფრო გვიან იწყებენ სქესობრივ აქტივობას, - წერს უფლებადამცველი.
დღეს გოგოები და ქალები ყველაზე დაუცველები სქესობრივი ძალადობაში არიან. მათ კანონიც კი არ იცავს სათანადოდ, არათუ პოლიცია და სასამართლო.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავები და ჩვენი შვილები და ჩვენი უძვირფასესი ადამიანები ამ საზარელი დანაშაულებისგან. ამიტომ გამოდი გარეთ ხვალ, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და მოითხოვე გაუპატიურების კანონის ცვლილება!“– წერს უფლებადამცველი Facebook-ზე.