LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება დაიწყება – ახალი რეგულაციების დეტალები

121
ტურისტები თბილისში

“ტურიზმის შესახებ კანონპროექტის” მიხედვით, გიდობის უფლება იმ პირს ექნება, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია და არ არის ნასამართლევი განზრახ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.

კანონპროექტის ავტორების ამბობენ, რომ გიდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები დარეგულირდება და მათი ნებაყოფლობითი სერტიფიცირება დაიწყება.

ასევე, შემოდის ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობა, რომელსაც სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს. სამკერდე მოწმობის მფლობელი გიდი სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისთვის დაწესებული გადასახდელებისგან გათავისუფლდება. აღნიშნულ ადგილებში საქმიანობის უფლება კი მხოლოდ ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობის მფლობელს ექნება.

“ტურიზმი არის ახალ ერაში. მაღალი კონკურენციის პირობებში გვიწევს ოპერირება. აბსოლუტად შეიცვალა ტურისტების ქცევა, მათი მოთხოვნები. მნიშვნელოვანია, ამ ერას მომზადებული შევხვდეთ და კარგი დროა, მომსახურების დონე გავზარდოთ, ევროპულ სტანდარტს მივუახლოვდეთ”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

ახალი კანონი, სხვა საკითხებთან ერთად, ტურისტული ოპერატორებისა და ტურისტების ურთიერთობას არეგულირებს. პროექტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება, იქონიოს ფინანსური უზრუნველყოფა მისი შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის. იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატურია ტუროპერატორის დაზღვევა ან საბანკო გარანტია, სუბიექტმა კონკურენციის სააგენტოს წლიური და კვარტალური ანგარიში უნდა წარუდგინოს.

კანონპროექტის მიხედვით, ტუროპერატორის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ზედამხედველობას კონკურენციის სააგენტო გასწევს, რასაც თავად სააგენტო არ ეთანხმება.

ტურიზმის შესახებ პროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე უნდა დაინიცირდეს, თუმცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროექტი პარლამენტში გაზაფხულზე დარეგისტრირდეს.