“გირჩი – მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი წევრი, ბორის ყურუა სენატორ ჯინ შაჰინის მიერ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტში 16 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასა და მასზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებას ეხმაურება.
კერძოდ, კონკრეტულად ის გზავნილი, რომელიც დაფინანსების ნაწილს ეხებოდა. 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ.
„1992-2020 წლებში ამერიკის შეერთებული შტატები დაგვეხმარა 4 348 400 000 დოლარით
ოთხი მილიარდ სამას ორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი დოლარი დაგვახარჯეს 28 წლის განმავლობაში
ამ ფულის საკმაოდ დიდი ნაწილი დაიხარჯა ეკონომიკის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვაზე, გზების მშენებლობაზე, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, დანაშაულთან ბრძოლაზე და ა.შ.
440 000 000 დოლარი დაგვახარჯეს პენსიების და ფულადი დახმარების გასაცემად, იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად და საავადმყოფოების გასაახლებლად…
დღეს აშშ-ს საგარეო საქმეთა კომიტეტში ჩვენზე თქვეს დიდი უკუსვლა აქვთ დემოკრატიის მიმართულებით, 12 პუნქტს არ ასრულებენ და დედას გვაგინებენო, იქნებ უნდა გადაეხედოს ფულადი დახმარების საკითხებსო
იცით კობახიძემ რა უპასუხა?
მაგ ფულს მაინც არასამთავრობო ორგანიზაციებს ახარჯავენო..
კობახიძის ჯიბეს არაფერი დაეტყობა, თქვენ კი ნამდვილად იგრძნობთ ცვლილებას თუ დასავლეთი გააგდეს ამ ქვეყნიდან
მოგშივდებათ და შეგცივდებათ, მაგრამ კანკალსაც ვერ გაბედავთ, რუსის ჩექმა გედებათ თავზე და იმიტომ“, – წერს ბორის ყურუა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვაშინგტონმა უნდა გადახედოს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.
„რეალობა, როგორც აღნიშნეთ, შემდეგია: საქართველოში ადგილი აქვს უზარმაზარ უკუსვლას. ჩვენ მნიშვნელოვნად ვეხმარებით საქართველოს, რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, რომ ამ დახმარების ნაწილი დამოკიდებული უნდა გავხადოთ საქართველოს ქცევაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდისას, დამარწმუნეს, რომ შეიძლება, ეს კარგი [ნაბიჯი] არ არის. თუმცა, იქნებ, დროა, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მდაკავშირებით?“, – მიმართა სენატორმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდს.