„მწვანეები“, რომელიც აქამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება.
მწვანეების თანახმად, ქმნიან „თანაწორობის იდეებზე დაფუძნებულ ახალ, დემოკრატიულ მოძრაობას — პროგრესული ცვლილებებისთვის“.
„გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ 2022 წლის 27 ნოემბერს, “მწვანეები” ვაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას და ვიქნებით ქვეყანაში პირველი მემარცხენე-ცენტრისტი, ქვიარ და ფემინისტური პარტია.
ვქმნით თანაწორობის იდეებზე დაფუძნებულ ახალ, დემოკრატიულ მოძრაობას — პროგრესული ცვლილებებისთვის.
ევროპის წამყვანი ქვეყნების მსგავსად, გვინდა, საქართველო ვაქციოთ ეკოლოგიურ, სოციალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც თანაბრად ფუნქციური და სასარგებლო იქნება ყველასთვის, და არა — პრივილეგირებული ერთეულებისთვის.
ამის წარმატებული მაგალითი ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე შექმნეს მწვანე პოლიტიკურმა მოძრაობებმა და ჩვენი ბრძოლა, ახლა უკვე აქტივიზმიდან – პოლიტიკაში, ამავე მიზნისკენ იქნება მიმართული!
სწორედ ამიტომ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “მწვანეების” მონაწილეობა, ეკოლოგიურად მდგრადი და სოციალურად სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისკენ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია.
ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ მხარდაჭერა პროგრესული სოციალური მოძრაობებისთვის, რომლებსაც იგივე ხედვა აქვთ და პოლიტიკური პლატფორმით ხელს შევუწყობთ ფართომასშტაბიან მოძრაობებს და სათემო ინიციატივებს, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიური პასუხისმგებლობის, სოციალური სამართლიანობის, დისკრიმინირებული ჯგუფების, მშვიდობისა და საერთაშორისო განვითარებისკენ მიმართული დადებითი ქმედებებისკენ.