„ნოემბრის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების კარგ შედეგს დავინახავთ, სერიოზულ გარდატეხასაც ველოდები“, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ვანო ნადირაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, უკრაინის წარმატებას განაპირობებს რუსეთზე გაცილებით მეტად მომზადებული ჯარისკაცები, ტაქტიკურად სწორი კოორდინაცია და დასავლეთის დახმარება.
„ორი კვირის შემდეგ დაინახავთ უკრაინული შეიარაღებული ძალების მხრიდან ახალ გარდატეხას. ზუსტად 2 კვირის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს სხვანაირ, წარმატებულ შედეგს დაინახავთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მობილიზებული სამხედროების შემოყრა და ვითარების ცოტა გართულება არის დროებითი, ტაქტიკური გადაჯგუფებები ხდება. უკვე ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალების კარგ შედეგს დავინახავთ. ნოემბრის ბოლოს სერიოზულ გარდატეხასაც ველოდები“, – განაცხადა ნადირაძემ.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის წარმატებას განაპირობებს რუსეთზე გაცილებით მეტად მომზადებული ჯარისკაცები, ტაქტიკურად სწორი კოორდინაცია და დასავლეთის დახმარება.
„სამწუხაროდ, ბოლო 4 დღეა ცოცხალი ძალა შემოჰყავთ, საგრძნობლად გაძლიერდა მოწინააღმდეგის მხრიდან არტილერიის მუშაობა. უკრაინულ მხარეს ის პლუსი აქვს, რომ 10-ჯერ უფრო მეტად მომზადებული ჯარისკაცები ჰყავს, ტაქტიკურად სწორად ახდენენ კოორდინაციას და რაც მთავარია, უკრაინას დასავლეთის დახმარება ძალიან შველის“, – განაცხადა ნადირაძემ.
ვანო ნადირაძის თქმით, ომში რუსეთის მხრიდან დანაკარგი ძალიან დიდია.
„რუსეთის პირადი შემადგენლობის მსხვერპლი ასეთია – ერთი ათზე და უფრო მეტიც. საკუთარი აუდიტორიისთვის პროპაგანდა აქვთ, თითქოს რაღაც წარმატებას მიაღწიეს, თორემ მათთვის სტრატეგიულ წარმატებას ვერ ვხედავ, წინ ვერ წამოიწიეს“, – განაცხადა ნადირაძემ.
გარდა ამისა, ნადირაძემ „ლენდ-ლიზის“ პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ჯერჯერობით, სრულად არ ამუშავებულა.
„სამწუხაროდ, „ლენდ ლიზი“ მთლიანობაში არ ამუშავებულა. ერთეული შეიარაღება კი შემოდის, მაგრამ ის, რასაც „ლენ ლიზი“ ჰქვია, მე თვითონაც ვერ ვხედავ. ძირითადი დახმარება, რაც ძალიან სჭირდებოდა უკრაინას, სადაზვერვო ინფორმაციები აქვთ. ფაქტობრივად, პირდაპირ მონიტორზე უდევთ მოწინააღმდეგე მხარის ყველა გადაადგილება. ტენდენცია, რომ უკრაინულ მხარეს შეტევები გაჩერდა, დროებითია. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში ისევ განახლდება. ის მობილიზაცია, რაც რუსებმა ჩაატარეს, ვიცი, რომ წარმატებული არ იქნება“, – აღნიშნა ნადირაძემ.