თელავში მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი თელავის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მოსამართლე მამუკა წიკლაურის დასჯა და ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობა მოითხოვეს.
მოკლულის დედა ამ დრომდე მოსამართლე მამუკა წიკლაურს აკისრებს პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ მოსამართლემ საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, თორნიკე გამხვეტელაშვილი სასამართლო დარბაზიდან მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 2 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, გათავისუფლებიდან სამ დღეში კი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.
„ვითხოვთ მოსამართლის გადადგომას და შემდეგ მის დასჯას, რადგან სწორედ მან გამოუშვა გირაოს სანაცვლოდ პირი, რომელმაც ჩემი შვილი, 3 ბავშვის დედა მოკლა. ახლა სამი ბავშვით მარტო ვარ დარჩენილი, მაგრამ არ გავჩერდები, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. იმ კაცს კი, რომელმაც ჩემი მარიამი მოკლა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მას ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული და მეშინია ბავშვებსაც რამე არ დაუშავოს.
გარდა ამისა, მოვითხოვთ მეტი უფლებადამცველი ორგანიზაცია დაინტერესდეს ამ საქმით და გვერდით დაგვიდგნენ“, – ამბობს მოკლულის დედა ლელა ფირანიშვილი.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს, თელავში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.