LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნივერსიტეტში იმ სიმძიმის პრობლემები თუ დავინახე, რომელსაც მე ფიზიკურად ვერ ავწევ და ვერ შევეჭიდები, არ ვაპირებ, მომავალში კენჭი ვიყარო: ჯაბა სამუშია

46
ჯაბა სამუშაია

„უნივერსიტეტში იმ სიმძიმის პრობლემები თუ დავინახე, რომელსაც მე ფიზიკურად ვერ ავწევ და ვერ შევეჭიდები, არ ვაპირებ, მომავალში კენჭი ვიყარო“, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„მე აბსოლუტურად მომზადებული მივდივარ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, გარდა ერთისა, რომელიც უბრალოდ, რაღაც პერიოდით გადავდეთ. იმიტომ, რომ რექტორის არჩევის წესის საკითხი სხვა ფორმატში უნდა იყოს განხილული და არა მაინცდამაინც საუნივერსიტეტო სივრცეში, რადგან არის კანონის ჩანაწერი და არა უნივერსიტეტის შიდა რეგულაცია. ეს რომ შიდა რეგულაცია იყოს, არც ამის მოგვარება იქნებოდა პრობლემური, მაგრამ დანარჩენი პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, რაც არის, აბსოლუტურად მომზადებული ვარ. მე ვხვდები არა მხოლოდ სტუდენტთა ერთ ჯგუფს, არამედ სხვა ჯგუფებსაც, რომლებსაც სხვა პრობლემები აქვთ და ყველა პრობლემასთან დაკავშირებით მე მათთან ჩემი კონკრეტული ხედვით მივალ“, – განაცხადა სამუშიამ.

კითხვაზე, მისი ეს ხედვა და სტრატეგია ექვს თვეზეა გაწერილი, თუ ის გაცილებით გრძელვადიანი იქნება, რადგან ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ექვსი თვის ვადით არის არჩეული, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ მოახერხებს იმ საკითხების გადაწყვეტას, რისი გაკეთებაც ამ ექვსი თვის განმავლობაში სურს, რა თქმა უნდა, ექნება იმის სურვილი, რომ მომავალშიც იყაროს კენჭი.

„გულწრფელად გეტყვით ამასთან დაკავშირებით – თუ მე ავწიე ის, რისი გაკეთებაც ამ პერიოდში მინდა, რა თქმა უნდა, მექნება იმის სურვილი, რომ მომავალშიც ვიყარო კენჭი, მაგრამ თუ ვერ შევძელი და დავინახე, რომ ეს პრობლემები მართლაც არის იმ სიმძიმის, რომელსაც მე ფიზიკურად ვერ ავწევ და ვერ შევეჭიდები, არ ვაპირებ, კენჭი ვიყარო. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. ჩემთვის უნივერსიტეტი და მისი ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ იქ ადამიანები იმის გამო არასდროს არ უნდა მიდიოდნენ, რათა სადღაც, რომელიღაც სავარძელში ჩაჯდნენ. ეს შეურაცხმყოფელია თვითონ უნივერსიტეტისთვის და უნივერსიტეტელობისათვის. მე იქ მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული და ვაპირებ, მომავალშიც იქ ვიყო. ეს რომ მდომებოდა, სადღაც რომელიღაც ადმინისტრაციული პოზიცია მექნებოდა, მაგრამ ადმინისტრაციაში არასდროს არ ვყოფილვარ, ახლა პირველად ვარ და საკმაოდ რთული გამოწვევაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ უკან არის ამხელა უნივერსიტეტის ერთსაუკუნოვანი ისტორია. თუ არსებული პრობლემები გადავლახეთ და შევძელით, დავალაგოთ ის, რაც ამ შემთხვევაში არის დასალაგებელი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ვიფიქრო, გავაგრძელო თუ არა ეს საქმიანობა მომავალში, მაგრამ მინდა, გულწრფელად გითხრათ, დღეს მე ეს არ მაქვს გადაწყვეტილი“, – განაცხადა სამუშიამ.

მისი თქმით, სამი მთავარი მიმართულება, რაზეც იმუშავებს, არის სტუდენტური საცხოვრისის მშენებლობა, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მთლიანი განახლება და სწავლების დონის მაქსიმალურად ამაღლება.

ამასთან, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში არის 16 საკმაოდ დიდი და ცნობილი კვლევითი ინსტიტუტი, რომელთა პოტენციალი აბსოლუტურად გამოუყენებელია და რისი გამოყენებაც აუცილებლად უნდა მოხდეს.

„ამ კვირაში გეგმა მაქვს, კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს შევხვდე და მათ ერთი მარტივი შეკითხვა დავუსვა – სწავლების თვალსაზრისით, რა ინტელექტუალური კონტრიბუცია შეუძლიათ, ჩადონ უნივერსიტეტის სტუდენტთა განვითარებაში. აუცილებელია, ეს შერწყმა მოხდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები