ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის, ნიკა ბასილაშვილის საქმეზე გუშინ, 21 ოქტომბერს გამოცხადებულმა განაჩენმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.
ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით მწერალი და ტელეწამყვანი, დათო გორგილაძე ეხმაურება და არაერთგვაროვან შეფასებებთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.
„გულის სიღრმეში ვიღაცის უდანაშაულობის გწამდეს – ჩვეულებრივი ამბავია.
მტკიცებულებებში შეგქონდეს ეჭვი, გაყალბებული ან შეკერილ-შედუღებული გეგონოს – ამის უფლებაც შეგიძლია დაიტოვო.
წინასწარ გამოგქონდეს დასკვნები მხოლოდ იმის გამო, რომ ერთის მიმართ სიმპათია გაქვს, მეორე კი გაღიზიანებს – ეს გულდასაწყვეტი და არასწორია.
აი, ნიშნის მოგებით იძახდე “იიიიშ” და საქორწინო ბრინჯივით ყრიდე სიცილის ღიმილაკებს ამბავზე, რომელიც დავაში მონაწილე ადამიანების შვილის, ბავშვის ფსიქიკას როგორ აზიანს და სამომავლოდ როგორ დააზიანებს ღმერთმა უწყის – უკვე საშიში დიაგნოზია.
ფსიქიატრიული რესპუბლიკა უნდა გვერქვას ჩვენ. რაის დემოკრატიული“, – წერს დათო გორგილაძე.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდებული ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მან გუშინ, 21 ოქტომბერს განაჩენის გამოცხადების დროს თქვა, რომ ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოგბურთელს გაუუქმდა მანამდე დაწესებული აღკვეთის ღონისძიება – 100 ათას ლარიანი გირაო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბასილაშვილს თანხა, ერთი თვის ვადაში უკან უნდა დაუბრუნდეს.
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო
განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.