„როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, უკრაინის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზისთვის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით ოფიციალური მოთხოვნა საქართველოს არ მიუღია.
„ამის შესახებ ბევრჯერ ვთქვი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომ მსგავსი ტიპის მოთხოვნა, ოფიციალური დოკუმენტაცია საქართველოში არ შემოსულა. რომც შემოვიდეს, ამ შემთხვევაში არსებობს უარის თქმის საფუძველი.
კერძოდ, როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის. ნებისმიერი სახის ვარაუდებზე ვერც ერთ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.
ჩვენ ვიცით ერთი რამე, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება კლინიკა „ვივა მედში“, ის გადის მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსს და მუშაობს ექსპერტიზა ცენტი „ემპათიის“ ჩართულობით. როდესაც ისინი დადებენ ოფიციალურ დასკვნას, მას მერე შეიძლება საუბარი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შორის ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა მივმართეთ სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ცენტრს და ისინიც ჩაატარებენ ექსპერტიზას იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი მსჯავრდადებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.