LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქცირებულმა რუსმა ბიზნესმენმა, შესაძლოა, Alfa Bank-ის აქციების 100% უკრაინის მთავრობას გადასცეს

38
fridman

სანქცირებული რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი აცხადებს, რომ მზადაა, Alfa Bank-ის აქციების 100%-ის უკრაინის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს.

მილიარდერის განცხადებით, Alfa Bank Ukraine რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია და მას გამართულად ფუნქციონირებისათვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის კაპიტალი სჭირდება. კომპანიის აქციონერები კი მზად არიან Alfa Bank-ში აღნიშნული მოცულობის თანხა დააბანდონ, თუმცა სანაცვლოდ ფრიდმანი სანქციების ნაწილის მოხსნას ითხოვს. მეორე ალტერნატივად ფრიდმანი ბანკის ნაციონალიზაციას ასახელებს.

როგორც მეწარმე ამბობს, ინვესტორები მზად არიან Alfa Bank-ის აქციები უსასყიდლოდ გადასცენ უკრაინის მთავრობას, თუ ის თავად შეძლებს ბანკის გამართულად მართვას და მისი საჭირო კაპიტალით უზრუნველყოფას.

Alfa Bank უკრაინის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, მისი გადახდისუუნარობა ან გაკოტრება კი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის უდიდესი ზიანის მომტანი იქნება, შესაბამისად, მთავრობა იძულებული ხდება ბანკი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს ან ფრიდმანსა და ბანკის სხვა აქციონერებს რეკაპიტალიზაციის უფლება მისცეს, თუმცა ეს უკანასკნელი ალტერნატივა ფრიდმანზე დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნას ითვალისწინებს.

„ჩვენი აზრით, კერძო კაპიტალით დაფინანსება საუკეთესო გამოსავალია. თუმცა თუ მთავრობას ან უკრაინის ეროვნულ ბანკს ნაციონალიზაცია სურთ, ჩვენ მზად ვართ ბანკის აქციები უსასყიდლოდ გადავცეთ სახელმწიფოს.

დროსთან ერთად უკრაინის მთელი საბანკო სისტემა აღმოჩნდება დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე. საკითხავი კი ის არის, ვის ხარჯზე განხორციელდება დაფინანსება – კერძო ინვესტორების თუ სახელმწიფო ბიუჯეტის“, – აღნიშნულია მიხაილ ფრიდმანის წერილში.

ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილ წერილში ფრიდმანი რეკაპიტალიზაციის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას არ მოითხოვს, თუმცა The Wall Street Journal იუწყება, რომ რუსი მილიარდერის ქმედება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები