„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.
როგორც მან თბილისში მიმდინარე უკრაინელების მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როგორც ირკვევა, ვაკის პარკში, შადრევნის პროექტის ჩაბარების დროს აშკარა იყო დანაშაულებრივი დაუდევრობა.
„რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს. მინიმუმ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გავიგეთ ამ კომპანიის რეპუტაციაზე.
ასევე იმ პრაქტიკით დაწყებული, რომელიც მერიაში “ქართული ოცნების” პირობებში არის გავრცელებული, რომ რეპუტაციას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა არ აქვს ცუდად შეასრულე თუ არა სამუშაო, იყავი თუ არა ბრალდებული, ამის მიუხედავად საფუძვლიან ეჭვზე დაყრდნობით, ნეპოტისტური, ან პოლიტიკური კორუფციის გამო ხდება ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობის გაგრძელება.
თავი რომ დავანებოთ იმ ასპექტს, რომ როგორც ახლა ირკვევა, ჩემი აზრით, ჩაბარების დროს აშკარა იყო დანაშაულებრივი დაუდევრობა. ასეთ დროს არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე პოლიტიკური, რომელსაც წვლილი მიუძღვით ამ კლიმატის შექმნაში“, – აღნიშნავს ბოკერია.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო IPN