LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნელის ლუკასი ჰყავდა ხელში აყვანილი, ნიკა ლუკასის მკლავს ეფერებოდა – ნიკას მხრიდან ძალადობა არ დამინახავს. ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი: ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი

663
შარლოტა

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ქალი სასამართლოზე გამოკითხეს. შარლოტა ელენამ დეტალურად გაიხსენა 2020 წლის 21 მაისს, ავჭალაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში განვითარებული მოვლენები, როცა იქ ნელი დოროყაშვილი მივიდა.

„ნელის უნდოდა იქ მისულიყო, სადაც ლუკასი და ნიკოლოზი იყვნენ. შემდეგ ნიკამ გადაწყვიტა ავჭალაში ცოტა ხნით ლუკასთან ერთად წასულიყო, ისინი დაახლოებით, 15:00 საათისთვის მოვიდნენ ავჭალაში. მე მე-3 სართულზე, ტერასაზე ვიყავი, შეზლონგზე ვიწექი, როცა ნიკას მანქანის ხმა გავიგე, ხელი დავუქნიე ორივეს, ქვევით არ ჩავსულვარ, რადგან ლუკასს მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ნელის არ მოსწონდა ლუკასი რომ გავიცანი, ამაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა. ტერასაზე, ისევ შეზლონგზე დავრჩი, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ისევ მანქანის ხმა გავიგე. ავდექი, რომ გამეგო რა ხდებოდა, დავინახე, რომ ნელი მთავარ ჭიშკართან იდგა, მივხვდი რომ ის იყო, რადგან მანამდე სურათებში ნანახი მყავდა, ნიკა და ლუკასი ჭიშკართან მივიდნენ, ნიკამ ლუკასი მანქანისკენ წაიყვანა, ნელი მანქანამდე გაჰყვა, უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდა ნელი, ლუკასი ნიკამ მანქანაში ჩასვა და თვითონაც ჩაჯდა, ნელიმ ყვირილი დაიწყო აგრესიულად და მანქანის კარის ჯაჯგური. ნიკა გადმოვიდა მანქანიდან და ლუკასიც გადმოიყვანა, ნელის გადააწოდა, ნელი და ნიკა ცოტა ხანი ლაპარაკობდნენ…. ნელის ლუკასი ჰყავდა ხელში აყვანილი, ნიკა ლუკასის მკლავს ეფერებოდა, მათ შორის დისტანცია 1 მეტრი მაინც იყო. ნიკას მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობა არ დამინახავს. ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი. ნიკამ ამიხსნა, რომ ნელი პროვოკაციის მიზნით მოვიდა და შეურაცხყოფა მიაყენა ნატალიას(ნიკას დედას). ნიკას ძმას, თენგიზს ტელეფონზე დავურეკე, რადგან ნატოს გამო შემეშინდა და მინდოდა გვერდით ჰყოლოდა. მე და ნიკა “კინგ დევიდში” წავედით, შემდეგ ნიკა პოლიციაში წავიდა, რათა პოლიციისთვის ეცნობებინა, რაც მოხდა, არ უნდოდა, რომ ნელი ისევ ავჭალაში დაბრუნებულიყო. ნიკას რძალმა მომაკითხა, ჩვენ გავისეირნეთ, ნიკას დაბრუნებას ველოდებოდი, მაგრამ არ დაბრუნდა, ავნერვიულდი, თენგომ დამირეკა, ნიკა დაიჭირესო და მკითხა, რა მოხდა ავჭალაშიო. გავიგე, რომ ნიკა ძალადობისთვის დაიჭირეს, ამიტომ პოლიციაში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, რომ იმ ეტაპზე ეს არ უნდოდა“,- განაცხადა მოწმემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები