ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშიას“ წევრებს წარუდგინა. კაკაურიძეს დეპუტატებმა
სკოლებში აუცილებელი კვების შემოღების შესახებ ჰკითხეს.
მისი თქმით, დაფინანსების უმეტესი ნაწილი მიმართული უნდა იყოს სოცდაუცველი ბავშვების კვებაზე.
„უფასო კვებასთან დაკავშირებით, პირადად ვიყავი ჩართული მსჯელობაში და ეს საკითხი ჩვენ ორ ნაწილად უნდა გავყოთ. სკოლებში კვება ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალოდ განათლებისთვის იმისთვის, რომ ბავშვს განათლების მიღების საშუალება ჰქონდეს. ბევრი საერთაშორისო პრაქტიკა ამაზე მეტყველებს, რომ კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ მიმართულებით, თუმცა სკოლაში განათლებას და სოციალურ ხარჯს შორის განსხვავება უნდა გავაკეთოთ.
ბავშვების სიღარიბის დაძლევის კუთხით სოცდაუცველი ბავშვებისკენ მაქსიმალურად მეტი რესურსის მიმართვა, იმ კატეგორიის ბავშვების დახმარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომლებიც ამას უფრო მეტად საჭიროებენ. არ ვიქნები მომხრე, რომ სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს, მათ შორის ჩემი, ან ნებისმიერი ადამიანი შვილის სრული კვება, რომელსაც ამის საჭიროება სოციალური კუთხით არ უდგას. შესაბამისად, მეტი რესურსი სოციალურად დაუცველი ბავშვებისკენ უნდა მივმართოთ, როგორც შარშან, ასევე წელსაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მომდევნო წლებშიც ასე იქნება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კაკაურიძე სკოლებში საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
„რაც შეეხება სკოლებში უშუალოდ კვების დაწყება, ეს მხოლოდ კვების საფასურის გადახდა არ არის – ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია. როდესაც სკოლების რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, სადაც საკვები მომზადდება და ბავშვი კვებას უსაფრთხო გარემოში შეძლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ უნდა დაფიქსირდეს არც ერთი შემთხვევა, სადაც ბავშვს ინფექცია ან ვირუსი შეხვდება კვების დროს. ამას ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება და შემდგომ ამაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.