LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 ოქტომბერს კამერული მუსიკის VIII ფესტივალი “სალხინოს კამერატა” გაიხსნა

714
სალხინო-კამერატა

ტრადიციულად, ფესტივალი სალხინოს დადიანის საზაფხულო რეზიდენციის ხეივანში გაიმართა, პირველი საკონცერტო დღე ქართული დუეტების საღამოს დაეთმო, რომელიც ნეკა სებისკვერაძისა და დავით ნოზაძის დუეტმა წარადგინა, მათთან ერთად სცენაზე იყო დუეტის უცვლელი მუსიკალური პარტნიორი ნინო გულიაშვილი, საღამოს მოდერატორი კი გახლდათ ნიკოლოზ წულუკიძე, მან  დამსწრე საზოგადოებას, უაღრესად საინტერესო ისტორიები უამბო, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების ცხოვრებიდან. კონცერტში შესრულდა სხვადასხვა თაობის ქართველი კომპოზიტორების დუეტები.

წლევანდელი ფესტივალი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით გაიმართა, რომელმაც არა მხოლოდ მისასალმებელი სიტყვით, არამედ ორი ნაწარმოების  შესანიშნავი შესრულებითაც დაამშვენა ფესტივალი, მან ასევე ფესტივალის ფარგლებში  ჩაატარა  მასტერკლასი მარტვილის სამუსიკო სკოლაში.

ორდღიანი ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელმა მოისმინა საგუნდო მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შემდეგმა გუნდებმა:

ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი – დირიჟორი მაგდა მათითაიშვილი;

თსუ-ს სტუდენტური კაპელა – დირიჟორი ლაშა მიროტაძე;

რუსთავის ახალგაზრდული გუნდი “თუთარჩელა” – დირიჟორი თამარ ბუაძე.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და ინიციატორი – შიო აბრახამია მომავალ წელს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროგრამას ჰპირდება მსმენელს და მადლობას უხდის

ორგანიზატორებს: ფონდი “დღეს” და კომპანია “კრეARTივი”.

მხარდამჭერებს: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს საპატრიარქოს ჭყონდიდის ეპარქია.

ფოტო: ანა ფხალაძე