2022 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში აღდგენის მაჩვენებელი 73%-ს, ბათუმში 95%-ს, ხოლო ქუთაისში 97%-ს შეადგენს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშშია აღნიშნული.
მოცემულ პერიოდში ქვეყანაში ყველა ავიაკომპანია დაბრუნდა, რომლებიც საქართველოს საჰაერო ბაზარზე პანდემიამდე ოპერირებდნენ. მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანაში არსებულ ყველა აეროპორტში ჯამში მგზავრთნაკადი 79%-ით აღდგა.
იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 278 007 მგზავრს მოემსახურნენ, ეს მაჩვენებელი 2019 წელს 4 139 955 იყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში 43 ავიაკომპანია 86 მიმართულებით დაფრინავს. წელს საქართველოს ავიაბაზარს 7 ავიაკომპანია და 6 მიმართულება დაემატა.