LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატომ პირველად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება: „დროა“

56
დროა

პარტია „დროა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ნატომ პირველად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება“. ამის დასტურად „დროას“ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადება მოჰყავს.

„დროას“ თქმით, კოლომინას განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ალიანსში უკვე აღარ აქვთ იმედი, ქართული ოცნების ხელისუფლებას ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური ნება ჰქონდეს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, თანაც შეგნებულად მოქმედებს ისე, რომ ნატომ და ევროკავშირმა თავადვე დაგვიხურონ მათთან ინტეგრაციის კარი.

„ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების დინამიკა ნატოს წარმომადგენელმა უარყოფითად შეაფასა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროატლანტიკური კურსის მიმართ ქვეყნის ერთგულება. თბილისში ვიზიტის დროს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, განაცხადა: „რეფორმების განხორციელების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი და არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობის შესახებ, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობათა ის ფანჯარა, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ბოლო დროს გაჩნდა.

იმის გათვალისწინებით, რომ მცირე გადაცდომების შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყოველთვის ინარჩუნებს დიპლომატიურ ენას და ყურადღებას ამახვილებს ზოგადი ტენდენციების დადებით ხასიათზე, კოლომინას განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ალიანსში უკვე აღარ აქვთ იმედი, ქართული ოცნების ხელისუფლებას ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური ნება ჰქონდეს. რეფორმების გატარებისთვის მზადყოფნას კი სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური ნება განსაზღვრავს.

ჩვენი რეგიონისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ყალიბდება შავი ზღვის რეგიონისა და კავკასიის უსაფრთხოების ახალი სისტემა, ნატოს წარმომადგენლის მიერ ალიანსში ინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფების ეჭვქვეშ დაყენებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება „ქართულ ოცნებასა“ და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

თავისი პოსტსაბჭოთა ავტორიტარული, ნეპოტისტური, კორუმპირებული ბუნებით „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებსაც დასავლური ინსტიტუტები ეფუძნება. რუსეთთან მჭიდრო კავშირი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის არსებითად კომფორტულია. „ქართული ოცნება“ ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, თანაც შეგნებულად მოქმედებს ისე, რომ ნატომ და ევროკავშირმა თავადვე დაგვიხურონ მათთან ინტეგრაციის კარი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ თუ ასე მოხდება, საქართველოსთვის დასავლური პერსპექტივის წართმევას ხალხი დასავლეთს დააბრალებს.

საბედნიეროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უკვე კარგად ხვდებიან, რომ ქართველი ხალხი და თავად საქართველოს სახელმწიფო დღეს ერთი კაცისა და მისი რეჟიმის მიერაა მიტაცებული. ამიტომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, ნატოსა და ევროკავშირის კეთილგანწყობის ხელშეწყობით დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც აუცილებელია პროდასავლური კოალიციის მიერ ხელისუფლების არაძალადობრივი ცვლილება ერთობლივი, დაუღალავი და, რაც მთავარია, კარგად ორგანიზებული ძალისხმევით“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები