LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: კეზერაშვილს უფლება აქვს, როგორც დევნილ პოლიტიკურ ფიგურას, პოლიტიკაშიც იყოს, ოღონდ ღიად

41
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კეზერაშვილი გულწრფელია თავისი წერილის იმ ნაწილში, სადაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შესახებ მოტივაციაზე საუბრობს, თუმცა, გულწრფელი არ არის იმ ნაწილში, სადაც ამბობს, რომ მისი პოზიცია პოლიტიკურ ცხოვრებაზე ან პოლიტიკური პარტიების საქციელზე გავლენას არ ახდენს.

ბოკერიას მოსაზრებით, სჯობდა კეზერაშვილი ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყო იმ კუთხით, რომ მას ივანიშვილთან ბრძოლის ამოცანა აქვს და რაც სწორად მიაჩნია ამ ბრძოლისთვის, იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც შემდეგ გავლენას ახდენს.

„ჩემი აზრით, ეს უფრო გულწრფელი ნათქვამია, ვიდრე პოზა, რომ ყველაფერზე მაღლა დგახარ. თავისთავად საკითხის დაყენება, რომ თურმე ეს კამათი, რომელიც პოლიტიკური პარტიების შიგნით ხდება რაღაც საკითხებზე ან პარტიებს შორის არის რაღაც კინკლაობა და ჩვენ ამაზე უნდა ავმაღლდეთ, ხშირად არის ან არაგულწრფელი ან ზედაპირული იმიტომ, რომ კამათის საგანი ისიც არის თუ რა გზა არის სწორი ამ ქვეყნისთვის ივანიშვილის დასამარცხებლად. ამიტომ, ყველა ადამიანი, ვისაც მოტივაცია აქვს ივანიშვილის დამარცხებაში თავის გადაწყვეტილებებით, ძალიან ხშირად, პირდაპირ ახდენს გავლენას იმაზე, როგორ მოიქცევიან ესა თუ ის პოლიტიკური ძალები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, კეზერაშვილს უფლება აქვს, როგორც დევნილ პოლიტიკურ ფიგურას, პოლიტიკაშიც იყოს, ოღონდ ღიად.

„ჩემი გამოცდილებითაც და ლოგიკითაც, ის ნაწილი არის გულწრფელი, სადაც ივანიშვილის მიმართ მის მოტივაციაზე საუბრობს და ის ნაწილი, რომ ამ მოტივაციაში, ამ ბრძოლისას მის პოზიციას არ მოუხდენია ან არ მოახდენს გავლენას იმათზე, ვინც მზად არის, რომ შეიცვალოს პოზიცია, ამ ფაქტორების გავლენით არ არის გულწრფელი.

სჯობდა პირდაპირ ეთქვა, რომ მე სწორად რაც მიმაჩნია იმ პოზიციას ვახორციელებ და მინდა ამის მიღწევა. ჩვენთან ხშირად არის ხოლმე, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა და მეორემ დააბრალა რაღაცა, ამიტომ ვამატებ ამას, რომ ლოგიკურიც და ლეგიტიმურიცაა. მას უფლება აქვს, როგორც დევნილ პოლიტიკურ ფიგურას, პოლიტიკაშიც იყოს, ოღონდ ღიად. ღიად სჯობს ეს ყველაფერი ხდებოდეს, ვიდრე ამ პოზით, რომ ყველაფერზე მაღლა დგას. მე მგონია, რომ მის პოზიციას, რომ ზოგადად უნდა მომხდარიყო „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შემოკრება, როლი ჰქონდა.

ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ეს როლი უარყოფითად მიმაჩნია. მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, როგორც პრაგმატულად, ასევე პრინციპულად ძალიან ცუდ საქციელად, როგორც მოიქცნენ ჩვენი პარტიის ყოფილი ლიდერები.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ არასდროს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩაერიოს ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში.

“მტერმაც და მოყვარემაც მინდა იცოდეს, რომ არ გამაჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში” – დავით კეზერაშვილი ბრალდებებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები