LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იტალიელი ვარსკვლავები, ცნობილი სპორტსმენები და აღიარებული მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე უკრაინელი და ქართველი ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ

811
ნინო-სურგულაძე

საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 2014 წელს დააფუძნა მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა მეცოსოპრანომ, ნინო სურგულაძემ. მას შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებასთან, საელჩოებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის, ასევე ტელემარათონების გამართვის შედეგად ასობით ბავშვს აუცილებელი ოპერაციები დაუფინანსდა.

ამჯერად ნინო სურგულაძემ იტალიელ მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, ტელემარათონი ქართველი და უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გაემართა. პროექტს მხარი დაუჭირა იტალიის საელჩომ, საქართველოს კულტურის სამინისტრომ და თბილისის მერიამ. ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიამ, მათ შორის „სოკარმა“, რომელიც „ნატვრის ხესთან“ წლებია თანამშრომლობს და ასევე ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, საკმაოდ მსხვილი შემოწირულობით.

27 სექტემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საღამოს ათი საათიდან ამაღლებული განწყობა იყო – ტელეფონები 0901900999-ზე დასარეკად მომარჯვებული ჰქონდათ როგორც დარბაზში მსხდომ სტუმრებს, ასევე „რუსთავი 2“-ის მაყურებლებს, რადგან სწორედ ამ ტელევიზიის ღია ეთერში გადაიცემოდა ღონისძიება.

სპეციალურად საქველმოქმედო ღონისძიებისთვის, თბილისის ოპერის ორკესტრთან თანამშრომლობისთვის თბილისში ჩამოვიდა მაესტრო ჯუზეპე საბატინი, რომელმაც მაყურებელი საკუთარი ვოკალური შესაძლებლობებითაც აღაფრთოვანა, როდესაც ნინო სურგულაძესთან ერთად „ნათლიმამადან“ შესანიშნავი კომპოზიცია შეასრულა, ნინო როტას მიერ დაწერილი მელოდიის დუეტში გაჟღერების შემდეგ მათ ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

გამორჩეული იყო მომენტი, როდესაც ცნობილი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის ახალი ტილო „არ შემეხო“ დიდ მონიტორზე გამოისახა, ხოლო ნინო სურგულაძემ უკრაინული სიმღერა აკაპელაში შეასრულა…

სოპრანო ბარბარა ფრიტოლი, ტენორი კარლოს ვენტრე, ბარიტონი სიმონე პიაცოლა, პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი – ამ ხელოვანების ერთობლივმა თუ სოლოშესრულებებმა დარბაზში მსხდომი მაყურებელი გულგრილი არ დატოვა… განსაკუთრებული იყო Nessum Dorma, რომელიც ტენორმა კარლოს ვენტრემ წარმოგვიდგინა და მქუხარე ტაშის ფონზე დაასრულა საკუთარი ბრწყინვალე შესრულება…

რასაკვირველია, ცალკე აღნიშვნის ღირსია ანსამბლი „ბასიანი“, რომელმაც ტელემარათონი საქართველოს ჰიმნით გახსნა, შემდეგ კი ნინო სურგულაძესთან ერთად, გია ყანჩელის უკვდავი სიმღერა „ჰერიო ბიჭებო“ განსაკუთრებულად შეასრულა.

ღონისძიების დასაწყისში გაჟღერდა იტალიის ჰიმნიც და საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. საგულისხმოა, რომ სწორედ იტალიის საელჩოსთან პარტნიორობით დაიგეგმა ეს კონცერტი, საქართველოს და იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნად. საღამოს განმავლობაში ამ მხრივ ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ, მათ შორის ისიც, თუ როგორ აგზავნის საქართველოდან სტუდენტებს საელჩო გაცვლითი პროგრამით 2002 წლიდან და რა ტიპის კულტურული ღონისძიებები აქვს გამართული ჩვენს ქვეყანაში.

ღონისძიება მიჰყავდათ „ნაით პრაიმ ტაიმის“ წამყვანებს – ნიკა ხაჩიძეს, ანა ჩირაძეს, ნინო ჩხეიძესა და გიორგი ნაზღაიძეს. ისინი მუდმივად ახსენებდნენ საზოგადოებას ტელეფონის ნომერს, რომელიც ახლაც მოქმედია და შეგიძლიათ, ერთი ლარის შემოწირულობა გაიღოთ ბავშვებისთვის; ასევე გვაცნობდნენ ახალგაზრდებს, რომელთა ცხოვრებაც „ნატვრის ხემ“ საფუძვლიანად შეცვალა – გოგონა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, ხერხემლის უმძიმესი პრობლემების მქონე პაციენტი, რომელსაც გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ტკივილები აღარ აწუხებს; ჩვილი, რომელსაც სუნთქვის მძიმე პრობლემა აწუხებდა… „ნატვრის ხის“ სიაში მყოფი უამრავი ასეთი მძიმე პრობლემის მქონე პატარა ელოდება, როდის გაუწვდის მას საზოგადოება დახმარების ხელს…

ქოლ ცენტრიდან თიკა ფაცაცია რეზი არველაძესთან, ლევან საგინაშვილთან და ლაშა ტალახაძესთან ერთად აჯამებდა, რამდენი ზარი შევიდა და რა შემოწირულობები გაიღო მაყურებელმა. ცნობილი სპორტსმენები ტელეფონზე თავად პასუხობდნენ თანხის ჩარიცხვის მსურველებს.

„ნატვრის ხის“ კიდევ ერთი საღამო კეთილი მიზნებით ნინო სურგულაძისა და მაესტროს დუეტით დასრულდა, რომელიც საზოგადოების მოთხოვნით, ბისზე კვლავ შეასრულეს. ფონდი შემოსული თანხის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მალე გააცნობს.

მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ 

ფოტო: დავით მირზაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები