ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილის ადვოკატების მხრიდან მასზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდებოდა.
დღეს სასამართლო სხდომის დაწყებამდე ნელი დოროყაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ყოფილი ქმრის ადვოკატი არღვევს მისი და მისი შვილის უფლებებს. კერძოდ, საქმე ეხება ჭკადუას განცხადებას იმაზე, რომ მოსამართლის შეთავაზების მიუხედავად, ნელი დოროყაშვილმა პროცესის დახურვაზე უარი თქვა.
“ირმა ჭკადუა ორი წლის განმავლობაში ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე მედიასივრცეში და მედიის გარეთ არღვევს ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს. ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ, აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე. ვგულისხმობ ცილისწამებას, ჩემი და არასრულწლოვნის ინტერესების დაკნინებას. ჩემი, როგორც პიროვნების სახელისა და სტატუსის შებღალვას, პირველი იქნება ირმა ჭკადუა, რომელიც ემსახურება ამას ორი წელია და ეს იყო მისი თვითმიზანი. თვითონ გახადეს საჯარო თემა და საზოგადოებისთვის აქტუალური, თორემ მე ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი. ახლა დაიხვია ხელზე, რომ ვითომ ჩემი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს მე ვარღვევ, რასაც თვითონ აკეთებენ ბოლო 2 წელია”, – განაცხადა დოროყაშვილმა.
მისივე განცხადებით, ბასილაშვილმა ყველა მის დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს და არ უნდა იყოს გამოყენებული მისი სტატუსი ან სახელი, როგორც პროვილეგია.
“სასჯელის მოთხოვნის უფლება არ მაქვს, მე სასამართლოში განვაცხადე, რომ ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი და ისევე დაისაჯოს, როგორც ნებისმიერი სხვა პირი და არ უნდა იქნეს გამოყენებული მისი სტატუსი, სახელი და ეს არ უნდა იყოს რაიმე სახის პრივილეგია”,-განაცხადა დოროყაშვილმა.
გუშინ, 27 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე ნელი დოროყაშვილს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები კითხავდნენ. დღეს ნელი დოროყაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესის განმავლობაში მასზე “მიზანმიმართული ზეწოლა” მიმდინარეობდა ადვოკატების მხრიდან.