LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიაფდება თუ არა საწვავი 10 დღეში

66
საწვავი

გლობალური სავაჭრო ჯგუფის გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი ელის, რომ ქვეყანაში საწვავის გაიაფების ტენდენცია გაგრძელდება და დაახლოებით 10 დღეში ფასები დამატებით 10-15 თეთრით შემცირდება. მისი თქმით, საწვავის გაიაფების მოლოდინი ნავთობის ფასის კლებასა და ლარის კურსის სტაბილურობას უკავშირდება.

“უნდა ველოდოთ საწვავის გაიაფებას და ეს ლოგიკურია. ნავთობის ფასები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და აღნიშნულს თან ერთვის ლარის სტაბილური კურსიც. ამასთან, გაიაფებული დიზელისა და ბენზინის საბითუმო ფასებიც და ესეც ფასების კორექციის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. მაგალითად, 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება საბითუმო ბაზარზე დღეს დაახლოებით 2.70 ლარი, ხოლო 1 ლიტრი დიზელის – 3.30 ლარია. ამ ყველაფრის შედეგად, მიმდინარე თვეში საწვავის დაახლოებით 10-20 თეთრით უკვე გაიაფდა, ხოლო დღეს არსებული ნავთობის საერთაშორისო ფასების პირობებში, უახლოეს 10 დღეში საწვავი კიდევ, დამატებით 10-15 თეთრით გაიაფდება”,- ამბობს ვანო მთვრალაშვილი “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ გუშინ Brent-ის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველად ჩამოსცდა $85-იან ნიშნულს.

ამ დროისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე Brent-ის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება დაახლოებით $85-ია, ხოლო ნიუ-იორკის საფონდო ბაზარზე Light Sweet-ის ფასი $77-ია.

ფასების მკვეთრი კლება ნავთობზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია. კერძოდ, ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგად, გლობალური რეცესიის რისკი კიდევ გაიზარდა, რაც მოთხოვნის შემცირებაზე აისახა.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC+) მორიგი შეხვედრაა ჩანიშნული და არსებობს მოლოდინი, რომ ფასების შემცირების თავიდან ასარიდებლად, კარტელი წარმოებას შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები