LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში კრიმინალური საქმიანობის რომანტიზება და წახალისებაც ხდება.. ყველამ, განსაკუთრებით მედიამ ხელი უნდა შეუწყოს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ დასრულდეს“ – პოლიტიკოსები ქუთაისში განვითარებულ მოვლენებზე

106
Untitled design

ხუთ საათზე მეტია, მთელი ქვეყნის ყურადღება მიმართულია ქუთაისისკენ, სადაც „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეჭრილ შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი.

ბოლო ცნობებით, შენობაში იმყოფება 12 ადამიანი. თავდამსხმელი კი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსეთის დროშასა და ანკესს ითხოვს.

ამასთან, მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლები, ფილიალში შეჭრილი პირის მოთხოვნით, სამართალდამცველებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, პოლიციელების დანახვისას თავდამსხმელი მათ ცუდად ექცევა.

ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოში კრიმინალური საქმიანობის რომანტიზება და წახალისებაც ხდება.

„იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც მძევლად იმყოფება შეიარაღებული მძარცველის ხელში, უვნებელი იქნება და ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. ვფიქრობ, ეს სამართალდამცავი უწყებების უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს. რაც შეეხება ზოგადად, დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, საქართველოში კრიმინალური საქმიანობის რომანტიზება და წახალისებაც ხდება.

ალბათ გახსოვთ, შს მინისტრისგან ყველა კითხვა, რაც გულისხმობდა ბადრი ესებუასთან დაკავშირებულ დაკავების ოპერაციას თუ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, აღქმული იყო სერიოზული ქილიკით, იუმორით, რაც ნამდვილად არ არის სასაცილო, ამიტომ ასეთი დამოკიდებულება შს მინისტრის და მაღალჩინოსნების მხრიდან, საფრთხის ქვეშ აგდებს ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც დილით იღვიძებს, მიდის მაღაზიაში, ბანკში თუ ა.შ.შესაბამისად, საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა დიდი ხანია, რაც არასტაბილურს გადასცდა და ეს გულისხმობს იმას, რომ წახალისებული რომანტიზება მათ შორის დაკავების მიმართულებით მაღალჩინოსნების დამოკიდებულება არის ძალიან მძიმე“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ირაკლი ქადაგიშვილი: ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება და მოხდა აქაც – ალბათ შსს შესაბამის ზომებს იღებს, რომ ინციდენტი განმუხტოს

მომხდართან დაკავშირებით საუბრობს „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილიც:

„როცა ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელმაც საღლიცინოდ და მასხრად ასაგდებ თემად აქცია, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, უპრეცედენტო ძარცვა, დამნაშავე მიიმალა.

იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეების დევნით იყოს დაკავებული ქვეყნის შს მინისტრი, აღმოჩნდა, რომ ფარულ შეხვედრებს მართავს FSB-ს წარმომადგენლებთან და შემდეგ ნიშნის მოგებით გვეუბნება, რა მოხდა თუ ვინმეს შევხვდიო. როცა, ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანა, სადაც მთელი სახელმწიფო რესურსები მიმართულია ოპოზიციის დევნაზე, თვალთვალზე, ჩაწერაზე, ამაზე იხარჯება მთელი ენერგია, დრო და სახსრები, ვხედავთ დღისით, მზისით ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზარმაზარი საფრთხის ქვეშ არის, რადგან მორიგ ჯერზე გადაწყვიტა ვიღაცამ, რომ გამოუვა ძარცვა და რატომ არ უნდა ჩათვალოს, რომ გამოუვა, როდესაც სხვას გამოუვიდა? დღეს სამარცხვინოდ იღრიჭება შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც შეხვედრებზე დადის რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან და იღრიჭება, როცა ეკითხებიან, რატო ვერ დააკავა დღემდე მძარცველი და ეს არის ამის შედეგი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით კი მედიასაშუალებებმა, იმისათვის, რომ მედიამ, რომ მოქალაქეებისთვის ეს ოპერაცია უსაფრთხოდ დასრულდეს:

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, შსს და ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია. იმედი მაქვს, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ იქნებიან და შესაბამის პირსაც დააკავებენ. შესაძლებლობა უნდა მივცეთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით მედიამ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ დასრულდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ოპერაცია. ჩვენ ყველა უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიდნენ, როცა დასრულდება ყველაფერი, ეს შეკითხვები დასვით, უფლება გაქვთ დასვათ, უბრალოდ არასერიოზულია, როცა მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეიძლება არსებობდეს, ახლა თქვენ აქ შეკითხვები დასვათ ზოგადად კრიმინოგენურ ვითარებაზე და მე ამაზე გიპასუხოთ სტატისტიკებით, არ შეიძლება, ახლა უპირველესია ამ ადამიანების უსაფრთხოება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ:

ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. 

მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია დაიწყო და ყველა საჭირო და გადაუდებელი პროცედურა.

მალევე გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც თავდამსხმელი მოთხოვნებზე საუბრობდა.

„ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ, 3 საათში ფისო“ – რა მოთხოვნებზე საუბრობს საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი

ამის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ 2 მილიონ დოლართან ერთად ვერტმფრენს, რუსეთის დროშასა და ანკესს ითხოვდა. 

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი.