LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, ეს ტკივილი ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ“ – შს მინისტრი გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიმართავს

66
Untitled design (2)

„ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, თუ რამით შეიძლება, ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ეს დიდი ტკივილი, დღევანდელი ღონისძიებაც ზუსტად ამის გამოძახილია“, – ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გუდაურის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის მიერ მაშველების, მფრინავებისა და ექიმების დაჯილდოების ცერემონიალზე.

შს მინისტრის გადაწყვეტილებითვე, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის”.

„ამ ოპერაციის დროს 8 ადამიანი დაიღუპა – 4 მფრინავი, 2 მაშველი და 2 ექიმი, რომლებიც ცდილობდნენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენას. ერთ-ერთი მორიგი ღონისძიება იყო, სამაშველო ოპერაცია, თუმცა, სამწუხაროდ, დიდი უბედურებით დამთავრდა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირები, პროფესიონალები.

მინდა კიდევ გავიმეორო, ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, თუ რამით შეიძლება, ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ეს დიდი ტკივილი. დღევანდელი ღონისძიებაც ზუსტად ამის გამოძახილია და მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ, ქალბატონო პრეზიდენტო. ეს არის დიდი დაფასება ყველასთვის, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას სახელით. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის. აგრეთვე, მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გვერდში დგომისთვის, იმ ტკივილის გაზიარებისთვის, მეუფეებს, მეუფე შიოს და სრულიად საპატრიარქოს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით – “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა.

პრეზიდენტი: გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოება უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები