LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასრულდება ეპოქა, როცა ხმების დასათვლელად დომინოს ქვებს ახრიგინებდნენ“, „ეს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაა“ – როგორ აფასებს ოპოზიცია „ოცნების“ ინიციატივას ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებაზე

251
Untitled design

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დანერგოს.

არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივაზე მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში განხორციელდება.

აღნიშნულ ინიციატივას უკვე ეხმიანებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი უმეტესობა შეთავაზებას დადებითად აფასებს. 

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ელექტრონული არჩევნების დანერგვით, „საარჩევნო დღის მაიმუნობები ისტორიას ჩაჰბარდება“.

„ძველი საანგარიშოებითა და დომინოს ქვებით თვლა დამთავრდა, არჩევნების შედეგებს მეორე დილამდე რომ ვერ თვლიდნენ ხოლმე. რუსთავსა და ბათუმში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციას არც ერთი საჩივარი არ დაუწერია, იმდენად ეფექტიანია ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა. დასრულდება ის ეპოქა, როცა საანგარიშოებით ახრიგინებდნენ და ითვლიდნენ, ან ვერ ითვლიდნენ და იყო დიდი დავიდარაბა. თუ „ქართული ოცნება“ ელექტრონულ სისტემას შეიძენს, საარჩევნო დღის მაიმუნობები ისტორიას ჩაჰბარდება, რაც ძალიან კარგი იქნება“, – აცხადებს ელისაშვილი.

“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებაზე პროექტი თავადაც აქვთ და იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ მსგავს სისტემაზე საუბრობს, მათი პარტიაც მხარს დაუჭერს.

„ოპოზიციას გვაქვს რეფორმა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით, თუ ამას გულისხმობს კობახიძე, თუ ესტონურ ელექტრონულ მოდელზეა საუბარი, დეტალები უნდა დავაზუსტოთ, როგორი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, უნდა ვნახოთ კონკრეტულად ინიციატივა და შემდეგ ვიტყვით, ვეთანხმებით თუ არა.

ისე ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელს” მზად გვაქვს ჩვენი პროექტი, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვდივართ, თუ შესაძლებელი იქნება, რომ შევთანხმდეთ და ერთი და იმავეზე ვსაუბრობთ, დეტალები უნდა ვნახოთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ გაყალბების ადამიანური მანიპულაციის შესაძლებლობა არ ჰქონდეს “ქართულ ოცნებას”. ტექნოლოგიის გამოყენება ამცირებს ადამიანის მანიპულაციის, შეცდომის და არჩევნებზე ადამიანის გავლენის რისკებს“, – აცხადებს მანჯგალაძე.

სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს უმრავლესობის ინიციატივას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილიც:

“ეს ის საკითხია, სადაც ასე თუ ისე კომპრომისი არსებობს და ყველა ვთანხმდებით, რომ ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მით უმეტეს, ეს სისტემა თბილისის რამდენიმე უბანში დატესტილი იყო, ასევე, ბათუმის არჩევნებში და ნათლად დავინახეთ, რომ ბევრად უფრო მარტივდება პროცესი და თან სანდო ხდება. ერთი მხრივ, ლოდინი არ გვიწევს და ძალიან იშვიათია ცდომილებაც.

ასეთი სისტემა არჩევნების მიმართ სანდოობას გაზრდის და საუბარი იმაზე აღარ იქნება, არჩევნები ლეგიტიმურია თუ არა. ელექტრონული სისტემის დანერგვა თუ მოხდება, ეჭვი მეპარება, არჩევნების მიმართ პრინციპული კრიტიკა იყოს. პრობლემების შექმნა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მასშტაბური პრობლემები არ იქნება. მგონი, არჩევნების მიმართ პრეტენზია აღარ იქნება“, – აღნიშნავს რაქვიაშვილი.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ ეს მოქალაქეების ნების კონტროლის და მანიპულაციის პირდაპირი ფორმაა:

„ოცნების მიერ შემოგდებული ელექტრონული არჩევნები არის ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა პირდაპირ. მოქალაქეთა ნების კონტროლის და მანიპულაციის პირდაპირი ფორმა. კრწანისის არჩევნები წინა წელს იყო სრული კატასტროფა ტექნიკურად და პროფესიონალურად. იცით რომ სხვანაირად ვეღარ მოიგებთ ბიჭებო?!
ბატონო ბიძინა, შეეშევან ამას.

გასაკეთებელი რაც არის ვიცით:

1. ბარიერის დაწევა
2. ტელეფონების აკრძალვა
3. სხვა საარჩევნო ცვლილებები“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ ელექტრონული არჩევნების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა ახლა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია საყურადღებო, მათ შორის კონფლიქტები მეზობელ რეგიონებში:

„ჩვენ, ზოგადად, არ ვართ წინააღმდეგი ელექტრონული არჩევნების, პირიქით, ვითხოვდით კიდეც. უბრალოდ ახლა რა შუაშია? არჩევნებამდე დარჩენილია 2 წელი, გადამწყვეტ ფაზაშია რუსეთ-უკრაინის ომი, იწყება ახალი კონფლიქტი ჩვენს სამეზობლოში, მთელი სამყარო გვიცნობს, როგორც არა უკრაინის გულშემატკივარს, არამედ როგორც ყველაზე კარგ შემთხვევაში სილაში თავჩარგულს და ასეთ პირობებში, დგება გარდამტეხი მომენტები მსოფლიო პოლიტიკაში, რომლის ნაწილიც ჩვენ ვიქნებით, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვისაუბროთ, საკუთარი როლი ვიპოვოთ, არ ვიყოთ წაგებული რუსეთის მხარეს, ასე არ გამოჩნდეს, ამის ნაცვლად ვამბობთ, რომ ორ წელში იქნება ელექტრონული არჩევნები.

ახლა სხვა რამეს ველოდებით, ახლა ქართველი ხალხი არ ფიქრობს იმაზე, 2 წელში არჩევნებს ელექტრონულად ჩავატარებთ თუ არა, ეს არ არის ახლანდელი გამოწვევა, წინააღმდეგი კი არ ვარ, ამასთან ერთად თუ დღევანდელ გამოწვევებსაც ვიტყვით, არ ვარ, მაგრამ ეს მგონია რეალური თემებიდან უმნიშვნელო თემაზე ყურადღების გადატანა. ელექტრონულად ხმის მიცემა – ამ სიტყვების ერთობლიობა არასაკმარისია რომ გიპასუხოთ, შეიძლება ახლდეს თუ არა ამას რაიმე უარყოფითი, ამისთვის უნდა ვიცოდე, ეს როგორ ხდება, რამდენად არის დაცული უსაფრთხოება, რომ არ მანიპულაცია მოხდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება კარგია, თუმცა ის 100%-ით ელექტრონული უნდა იყოს:

„არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად. 30%-ის დატოვება ნიშნავს იმას, რომ ამ პროცენტში შეეცდებიან მანიპულაციას და შესაბამისად, გაურკვეველია, რა პრინციპით უნდა მოხდეს 70%-ის 30%-ზე გაყოფა. თითქოს დიდ ქალაქებში უნდა იყოს და რეგიონებში არა, ეს ტოვებს იგივე რისკებს, რომელიც საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ არჩევნებს ახასიათებს. ამიტომ, ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ის უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად, ეს არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი.

ამავდროულად, იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს კეთილსინდისიერი კონკურენციისთვის ელექტრონულად ჩატარება საკმარისი არ არის, ამისთვის აუცილებელია ადმინისტრაციული რესურსის ფართოდ გავრცელებული მეთოდების გამოყენების აღკვეთა, ასევე აუცილებელია კრიმინალური დაჯგუფებების გამოყენების პრაქტიკის შეწყვეტა, რასაც “ქართული ოცნება” ბოლო არჩევნებზე აკეთებს. ელექტრონული არჩევნები არასაკმარისია სამართლიანი არჩევნებისთვის, რადგან გარემო არის ასევე მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ხმის მიცემის პროცესი. საარჩევნო გარემო უნდა იყოს სამართლიანი, რაც დღემდე არ გვქონია და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“, – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.

ქართული ოცნების ინიციატივას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოეხმაურა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

“ელექტრონულად ჩატარება”-ში იგულისხმება ელექტრონული დათვლა. “საქართველოში” იგულისხმება ურბანული ცენტრები. სინამდვილეში რაცაა გასაკეთებელი – ონლაინ ხმის მიცემის დაშვება, რომ ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ზედმეტი ბარიერების გარეშე.

და საარჩევნო ბარიერის გაუქმება. მაგრამ აქედან არცერთს არ გააკეთებენ, რადგან ეგრე ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს.

ამიტომ ისვრიან ასეთ სალაფავს შტერებისთვის”,- წერს ჯაფარიძე.

საკითხზე კომენტირებისას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ელექტრონული არჩევნები არ ხსნის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველზე შესაძლო ზეწოლასა და მოსყიდვის პრობლემებს.

“საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ – ჩვენ თანახმა ვართ ელექტრონულ არჩევნებზე, თუმცა, ეს არ უნდა იყოს ცესკოს და სუს-ის ელექტრონულ პლატფორმებზე, ამაში საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფოების მხარდაჭერა დაგვჭირდება ელექტრონული პროგრამირების მხარდაჭერის კუთხით და ა.შ. “- განაცხადა ბეჟაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები