“მინდა, უკრაინის გამარჯვებები მოგილოცოთ იმიტომ, რომ რეალურად დღეს უკვე უკრაინაში, როგორც ჩვენ ვხედავთ, სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება მიმდინარეობს,” – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა, რა დროსაც უკრაინელი სამხედროების მიერ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებას გამოეხმაურა.
როგორც მეუფე სტეფანემ აღნიშნა, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს.
“როდესაც უკრაინაზე ეს უგუნური შეტევა დაიწყო, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა და რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან დიდი სისულელე ჩაიდინა. ეს უბრალოდ ასე არ დარჩება, შეუძლებელია, რომ ამას პასუხი არ გაეცეს და საბოლოო ჯამში, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ უსამართლო და არასწორი ქმედებები ჩაიდინა როგორც ჩვენ მიმართ, ასევე უკრაინის მიმართაც. სხვათა შორის, უწმინდესმა უთხრა იქ ხელისუფლებას, რომ რასაც ჩვენ წინააღმდეგ აკეთებთ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათო. ახლა ფაქტია, რომ ეს ბუმერანგი ნელ-ნელა უტრიალდებათ. მაგათ ახლა ძალიან მძიმე ვითარება აქვთ. იმ მარცხის გამო, რომელიც რუსეთს აქვს, ქვეყანაში სერიოზული არეულობა აქვთ. როდესაც რუსეთი ჩვენ თავს დაგვესხა, ვინც მხარი დაგვიჭირა, თავისთავად ჩვენი სახელმწიფოს მხარდამჭერია და შესაბამისად, ჩვენც ყველას დავუჭერთ მხარს, ვის წინააღმდეგაც შეიარაღებული ძალებით შეიჭრებიან, დაბომბავენ და ხალხს დაუხოცავენ. ასეთი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია. ღმერთმა გააძლიეროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და მალე დაამთავროს ომი ისე, რომ ის უკრაინის საზღვრების აღდგენით დასრულდეს. სადაც უკრაინელები იყვნენ, იქ დაბრუნდნენ თავის საზღვრებში. უფალს ვთხოვოთ, ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ჩვენც შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება…
მეუფე სტეფანემ ასევე აღნიშნა, რომ ქართული ეკლესია რუსეთს მხარს არ უჭერს.
“ასე უნდათ მონათლონ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კაცი კაცზე არ უნდა გათხოვდეს, ამიტომ ჩვენ რუსეთის მომხრეები ვართ. ტყუილია, არ ვართ რუსეთის მომხრეები. შეიძლება, რუსეთიდანაც იგივე პრობლემები იყოს და იგივე ამბავი იქაც ხდება. ის, რომ რაღაცაში ჩვენი და მათი აზრები დაემთხვევა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რუსეთის პოზიცია გვიკავია. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც საუკუნეების განმავლობაში ვამბობთ, რომ სოდომისტური პროპაგანდა და ზოგადად, სოდომური ცოდვა ღვთის წინაშე დანაშაულია”. – ამბობს მეუფე სტეფანე.