კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტი „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ შემდგომი განხორციელებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს გადასცა.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეთანხმებას ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს.
„პროექტის მიზანი დეზინფორმაციით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება და საქართველოს ევროპასთან დაახლოების შესახებ ცოდნის ამაღლებაა. აღნიშნული პროექტი კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის დელეგაციის დაფინანსებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა.
დეზინფორმაციასთან გამკლავებაში საქართველოს მასშტაბით კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 900-ზე მეტი პედაგოგი უკვე გადაამზადა. პროექტის წარმატებიდან და პედაგოგების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირთან შეთანხებით და მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის მზაობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროექტი უნდა გაგრძელდეს.
პროექტის ფარგლებში კომუნიკაციების მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოთი და საგანმანათლებლო მოდულით დეზინფორმაციასთან გამკლავებაში საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს უკვე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი გადაამზადებს.
ტრენინგები თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში გაგრძელდება. პედაგოგები მიიღებენ ცოდნას დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. ისინი ისწავლიან იმ პრაქტიკულ მეთოდებს, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. ამასთან, სასწავლო სემინარები მათ დაეხმარება და მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ამომწურავი და გააზრებული ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ. შედეგად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი პედაგოგები კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარებს განივითარებენ. პროექტის ფარგლებში სერტიფიცირებული მასწავლებლები მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში გამოიყენებენ და ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ.
პედაგოგები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდულით მზადდებიან, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა. სატრენინგო მოდული აგებულია სწავლების აქტუალური და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები. ტრენინგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები მანანა ჯინჭარაძე და ნინო კაჟაშვილი, ასევე კომუნიკაციების კომისიის ტრენერი ანი გვეტაძე უძღვებოდნენ“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.