თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ყველანაირ აქტიურ საქმიანობას თავს ანებებს.
ოქრუაშვილი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გუშინ მომხდარმა ამბავმა გადააწყვეტინა.
“მორჩა, დამთავრდა, ვანებებ თავს ყველაფერს, ყველანაირ აქტიურ საქმიანობას და მივდივარ პენსიაზე. ისეთი დამემართა გამთენიისას, აშკარად წავიდა ჩემი დრო.
დიდ მანძილზე მანქანით სიარულს უკვე ვეღარ ვეგუები, მაგრამ მოხდა ისე, რომ გუშინ ათასი კილომეტრი უნდა გამევლო, თან მარტოს, დამლაპარაკებელი რომ არ გყავს. ღამის თორმეტი იქნებოდა 600 კმ. მქონდა უკვე გავლილი და ისე დავიღალე აღარც ყავა მშველოდა და აღარც პოსტების წერა დროდადრო შესვენებებისას. რამდენჯერმე ტრაილერების სიგნალებმა რომ გამომაფხიზლა, მივხვდი რომ უკვე ვეღარ ვმართავდი მანქანას, მაგრამ გაჩერება და დაძინება არ მინდოდა, რადგან 11 საათზე შეხვედრა მქონდა და ერთი სული მქონდა წინასწარ დაჯავშნილ სასტურმროს ლოგინზე დავგდებულიყავი და 2-3 საათი დამესვენა შეხვედრამდე.
დილის 5 საათზე როგორც იქნა სასტუმრომდე მივაღწიე, მანქანა ყველაზე დიდი ჯარიმის გამოსაწერ ადგილზე გავაჩერე, სასტუმროში შევლასლასდი და ბოლო ენერგიის მოკრებით ვუთხარი – დროზე ნომერი მომეცით ცოტა დრო მაქვს მეთქი. მიყურა ადმინისტრატორმა და ცივი წყალი გადამასხა, სასტუმრო სავსეა და თქვენზე ჯავშანი არააო. რას ამბობ, აგერ კონფირმაცია, თან მოგწერეთ რომ გვიან ჩამოვალ მეთქი. ჩახედა ისევ კომპიუტერს, აჩხაკუნა კლავიატურა და წყნარი სახით მითხრა – 2 წლის შემდეგ გამოიარეთ, ჯავშანი 2024 წლის სექტემბერში გაქვთო გაკეთებულიო.
სახლში, ერთკვირიანი ლოთობის თავზე, შუაღამისას რომ მიხვალ, ჩემოდნები გარეთ გამოდგმული დაგხვდება და მთვარის შუქზე მოწამლული თაგვივით დაბორიალებ და ფიქრობ, რომელი ძმაკაცი შემიკედლებს და გამათევინებს ღამესო, ეგრე დავეხეტებოდი პარიზის ნაწვიმარ ქუჩებში ეული მიჯნურივით, მაგრამ სულ გამოფხიზლებული.
მორჩა გავდივარ პენსიაზე სანამ ქართულ ოპოზიციას დავემსგავსე ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს 2024-ში”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქში.