LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ, ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია

54
salome-zurabishvili2

მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დე ფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, საერთაშორისო კონფერენციის ,,დიდება უკრაინას“ მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ არ გვინდა ტერიტორიების ომით შემოერთება და გვინდა ერთიანი საქართველო, რომელიც გაერთიანებული იქნება კოლექტიური გადაწყვეტილებით, რაც ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა.

„კიდევ ერთი დეზინფორმაციაა ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. მე არ ვამბობ, რომ ამას ზოგიერთი ქართველი არ იმეორებს, დეზინფორმაცია ასე მუშაობს – არსებობს რამდენიმე გამტარი, რისი გამოყენებაც შეიძლება და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დესტრუქციულია და მე ვამბობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მკაფიო უნდა ვიყოთ.

თქვენ არ გჭირდებათ თავის დაცვა, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ აშშ, რომელსაც არასოდეს შეუხედავს საქართველოს ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრისთვის, ომის გავრცელებას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. რუსეთი კი, რომელმაც ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა, თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი.

ასე რომ, მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დე ფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აკეთებდეს საქართველო, მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკა ამ ტერიტორიების მიმართ ძალიან მკაფიოა – ისინი ჩვენია, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და რაც ჩვენ გვსურს, ამ მოქალაქეების კვლავ გაერთიანებაა. ჩვენ არ გვინდა ტერიტორიების ომით შემოერთება, ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო, რომელიც გაერთიანებული იქნება კოლექტიური გადაწყვეტილებით, და ეს ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე შეფასებით, ასეთივე სიცრუეს წარმოადგენს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის რეფორმები გამიზნულია საქართველოსა და მისი მთავრობის დესტაბილიზაციისთვის.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა დავაჩქაროთ ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა და მეტი უნდა გავაკეთოთ დეპოლარიზაციის კუთხით, რომელიც არ აჩვენებს რაიმე რეალურ არსს და ახალგაზრდებს ქვეყნის გარეთ გასვლისაკენ უბიძგებს.

“ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, ოპოზიცია, თუ ინსტიტუციური ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის, თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს, როდესაც უეცრად ისტორიამ და უკრაინამ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზა,”,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები