სალომე ბაკურაძემ წლევანდელი ზაფხული მთლიანად დასვენებას მიუძღვნა: „კონცერტები არ დამიგეგმავს და ისე გამოვიდა, რომ ეს ზაფხული სრულად დასვენებაში გავატარე“, აღნიშნავს ის fortuna.ge-სთან საუბრისას.
სალომე ბაკურაძე:
„წელს პირველად დავისვენე მხოლოდ ჩემს შვილთან, სანტისთან ერთად. ჩემს მეუღლეს, ლაშა ბასლანძეს ბევრი საქმე ჰქონდა, ახალი სამსახურები დაემატა და ვერ მოახერხა ჩვენთან ერთად გამომგზავრება. ვიყავით სამეგობრო შვილებთან ერთად. ლაშა თბილისში იყო და მოგვტიროდა, ყველა ბათუმშია და მე აქ ვარო… ორი დღით მოახერხა მხოლოდ ჩამოსვლა. მასთან ერთად შეკვეთილში კონცერტზე ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე.
ერთად არ აპირებთ არსად გამგზავრებას? მაგალითად, საზღვარგარეთ?
ძალიან გვინდა და სწორედ გუშინ ვფიქრობდით და ვარჩევდით ადგილებს. იტალიაში თუ ესპანეთში – ამას უახლოეს მომავალში გადავწყვეტთ და დავგეგმავთ სავარაუდოდ ოქტომბრისთვის, როცა ლაშას უფრო თავისუფალი გრაფიკი ექნება.
სანტი თქვენთან ერთად მოდის?
სანტის აქვს სპეციალური ყულაბა, სადაც აგროვებს ფულს იმ შემთხვევისთვის, თუკი იტალიაში მოუწევს მოგზაურობა. ძალიან უყვარს ეს ქვეყანა და უნდა იქ მოხვედრა, ამიტომ თუ იტალიას დავგეგმავთ, მას ვერ გამოვაპარებთ, ესპანეთში შეიძლება, მის გარეშე წავიდეთ.
როგორი იყო შენი საზაფხულო დასვენება მასთან ერთად?
რა თქმა უნდა, ისეთი რუზრუზით არ ჩაუვლია, როგორც წლების წინ მქონდა ხოლმე. წელს შავი ზღვისპირეთში ისე აქტიურად და გადაბმულად ბევრი დღე ვერ მოვახერხეთ დასვენება. ბავშვთან ერთად ყოფნას მაინც თავისი რეჟიმი აქვს. ერთხელ დავტოვე სანტი, როცა დაიანა კინგის კონცერტზე წავედი შეკვეთილში, მეგობრის ბებიასთან და ძიძასთან დარჩა, ამაზეც წინასწარ შევუთანხმდი, სანამ თბილისიდან წავიდოდით, თუმცა სულ კონტაქტზე იყო „ფეისთაიმით“. კონცერტი შემარგო, მაგრამ მერე გაგრძელება – აღარ, რადგან მეუბნებოდა, რომ უჩემოდ მოიწყინა და მეც მასთან წავედი…
ჩვენი მოგზაურობა წელს დაიწყო კახეთიდან, შემდეგ ვიყავით გონიოსა და ბათუმში ათი დღით, თუმცა ჩემს მშობლიურ ქუთაისში რომ არ შემევლო, არ გამოდიოდა და იქაც გახლდით. ახლა ლაშაც მოდის რაჭაში ორი დღით. რადგან მცირეხნიანი დასვენებაა, ახერხებს.
ამ დასვენებისას სამეგობრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენმა შვილებმა ერთად დაისვენეს. სანტი მხიარული და კომფორტული თანამგზავრი გამოდგა, ძალიან ხელგაშლილი, რადგან ყველას რაღაცაზე ეპატიჟებოდა…
ეს მამისგან აქვს თუ შენც მხარჯველი ხარ?
არც ერთი ვაკლებთ და არც მეორე (იცინის).