LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაჩივრების შემდეგ 34 აბიტურიენტს ქულა დააკლდა – რამდენ ნაშრომს მოემატა შეფასება?

145
გორგოძე

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგების მიხედვით, გასაჩივრების შემდეგ, ქულა მოემატა 1 512 ნაშრომს, ხოლო ქულა დააკლდა 34 ნამუშევარს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ცენტრის ხელმძღვანელმა აპელაციის შედეგები წარდგენისას აღნიშნა, 2022 წელს 116 900-ზე მეტი ნაშრომიდან 4 881 გასაჩივრდა.

„წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შედეგი. შეფასება შეიცვალა სულ 1 546 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1,32 %-ია. ქულა მოემატა 1 512 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 34 ნაშრომის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.

რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, სად მოიპოვა აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელების უფლება და მიიღო თუ არა მან გრანტი, ეს ინფორმაცია შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს განაცხადში ცვლილების შეტანის შესახებაც გააფრთხილა აბიტურიენტები:

„შეგახსენებთ, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

ვთხოვთ აბიტურიენტებს გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა, ხვალ, 26 აგვისტოს, 18:00 საათზე იწურება. პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ცენტრი ასევე შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება”,- განაცხადა გორგოძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები