LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ის საელჩოს განცხადება შოკისმომგვრელია“ – რევოლუციურ პროცესებში, ვის ჩართულობაზე საუბრობს კობახიძე?

82
Untitled design

„სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმიანება და მას შოკისმომგვრელს უწოდებს.

ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას: აშშ-ს საელჩო საქართველოში

ირაკლი კობახიძე რევოლუციურ პროცესებში ISFED-ის თანამონაწილეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ორგანიზაციის მეშვეობით მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება:

„ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი.

ჩვენ გვახსოვს რა როლი შეასრულა PVT-ს გაყალბებამ იმ პროცესებში, რომელიც წარიმართა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი საბაბი იმისათვის, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი.

„სამართლიანი არჩევნები“ მაშინ პირდაპირი ფორმით იყო ჩართული იმ პროცესებში, რომელიც იმართებოდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ, ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც მათი მხრიდან ისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ანუ აქაც ISFED-ი მოგვევლინა რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ.

როდესაც ამ სრული ლუსტრაციის შემდეგ საელჩო “სამართლიან არჩევნებს” უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს სურვილს, რომ სამუშაო პროცესში იყოს ჩართული, ეს ჩვენთვის გასაკვირია.

ჩვენი გუნდის წევრებმა უკვე შესთავაზეს ISFED-ს გამიჯვნოდა მისივე მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. მათ ეს რამდენიმე დღის მანძილზე არ გააკეთეს, საიდანაც ნათლად ჩანს მათი გამოხატული პოლიტიკური მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა, ამის შემდეგ გამორიცხულია “სამართლიანი არჩევნები” ჩაერთოს რომელიმე სამუშაო პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 18 აგვისტოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ განმარტა და აღნიშნა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა.

აღნიშნულ ფაქტს მოგვიანებით აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა განცხადებით, რომელშიც ვკითხულობთ:

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები