სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა ინსპექტირების ჯგუფებმა ბათუმის აგრარული ბაზარი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც შემოწმდა ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.
სეს-ის ცნობით, ობიექტების ნაწილი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა, ზოგ მათგანში გამოვლინდა ისეთი სახის შეუსაბამობები, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ პირუტყვი სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული; ტან-ხორცის არასათანადო დანაწევრება, როცა არ იყო მოცილებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მაღალი რისკის პათოგენური მასალა.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამართალდამცველების ჩართულობით, გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. დაილუქა და განადგურდა 2,5 ტონა საეჭვოდ მიჩნეული ხორცი, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ბაზარში ჩატარდა დასუფთავებისა და რეცხვა-დეზინფიცირების სამუშაოები.
„ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად ააქტიურებს ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლს როგორც სასაკლაოებზე, ასევე ხორცის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში“, – აცხადებს სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში შემოწმდა 800-მდე ობიექტი, მათ შორის, სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. დაილუქა 10 000 კგ-მდე ხორცი.