LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მძიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც ორი წლის ბავშვი მოიყვანეს და რეანიმაციაში მოხვდა – ბავშვებში მზისგან დამწვრობის მომართვიანობა დაახლოებით 20-30 პროცენტით არის მომატებული: გუგა ქაშიბაძე

171
გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ პატარა ბავშვებში მზისგან დამწვრობის მომართვიანობა დაახლოებით 20-30 პროცენტით არის მომატებული. როგორც გუგა ქაშიბაძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განმარტა, დამწვრობის ჩივილებით წელს ცენტრს 30-მა ბავშვმა მიმართა.

„სამწუხაროდ, პატარა ბავშვებში მზისგან დამწვრობის მომართვიანობა მომატებულია დაახლოებით 20-30 პროცენტით. ეს არ არის რუჯის მიღების მიზნით მიღებული დამწვრობა. უბრალოდ, აუზის პირას, ზღვის სანაპიროზე ხანგრძლივად თამაშობენ და მათი ბავშვის კანი ძალიან თხელია. განსაკუთრებულად დიდი ხნით დაყოვნებაა საჭირო იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მიიღონ. ახლა სტაციონარში ხუთი წლის ბავშვი მკურნალობს, რომლის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მას მზისგან ისეთი დაზიანება ჰქონდა, რომ დასჭირდა სტაციონარული მკურნალობა, გადასხმები, ამბულატორიული ტესტები, მკურნალობა და ა.შ.

ყველაზე მძიმე შემთხვევა გვქონდა წელს, როდესაც ჩვენთან ორი წლის ბავშვი მოიყვანეს. რეანიმაციაში მოხვდა. ბავშვი ჩამოიყვანეს ბათუმიდან, არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. აუზთან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა. ასევე წელს ცენტრს სხვადასხვა ასაკის დაახლოებით 30-მა ბავშვმა მიმართა. ყველაზე პატარა იყო ორი წლის. ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან დიდი რაოდენობა მოდის ათ წლამდე ბავშვებზე“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამასთან, როგორც ქაშიბაძემ განაცხადა, წელს ლეღვის ფოთლების ნახარშით გამოწვეული დამწვრობის მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა.

„ჩვენდა სასიხარულოდ, წელს ძალიან მცირე იყო ლეღვის ფოთლების ნახარშით გამოწვეული დამწვრობა. ერთ შემთხვევაში იყო 14 წლის ბავშვი, მეორე შემთხვევა კი ქუთაისში იყო. სულ ეს ორ შემთხვევაზეა საუბარი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ანალოგიური შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირდება“, – განუცხადა პირველ არხს ქაშიბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები