უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი დაიდო, რაც ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეტ მუშმა, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების თანდასწრებით მოაწერეს.
„თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი თურქი პარტნიორების მათი სურვილისთვის, რომ ითანამშრომლონ რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. თურქეთის ბიზნესს აქვს დიდი გამოცდილება გზებისა და ხიდების, კონკრეტულად ზაპოროჟიესა და კრემენჩუგის ხიდების აშენებაში და ის ჩვენთვის საიმედო პარტნიორად იქცა. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ ძალიან მალე მივაღწევთ ერთობლივი აღმშენებლობის პრაქტიკულ შედეგებს“ – განაცხადა ოლექსანდრ კუბრაკოვმა.