ავტომფლობელებისთვის სიახლეები მზადდება – ტექინსპექტირების ცენტრის მიერ ყოველ შემდგომ გაუვლელობაზე ჯარიმის ოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. სავარაუდოდ, ფასიანი გახდება განმეორებითი ტექნიკური შემოწმებაც.
ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილს ესაუბრა.
შიოლაშვილი ამბობს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და მისი განხილვა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. „როგორც მოგახსენეთ, ჯარიმის ოდენობა დაბალია. ხშირ შემთხვევაში ავტომფლობელს ურჩევნია, რომ ჯარიმის გადახდით გადაადგილდებოდეს გზებზე და ავტომობილი ტექინსპექტირებაზე არ გაატაროს. ჯარიმის ოდენობა ფიქსირებული 50 ლარია და ავტომფლობელი რამდენჯერმე რომც დაჯარიმდეს, მაინც იგივე თანხას იხდის. იმ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია შესული და შემოდგომაზე განიხილება, პირველადი დაჯარიმებისთვის 50 ლარი რჩება, თუმცა ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება – ხდება 150 ლარი, შემდეგ 300 ლარი და ა.შ. შესაბამისად, ავტომფლობელისთვის ფინანსურად მომგებიანი აღარ იქნება, რომ გზებზე ჯარიმების გადახდით იმოძრაოს და ტექინსპექტირება არ გაიაროს. ვფიქრობთ, სისტემას ეს ძალიან წაადგება. ჩვენი კავშირი აქტიურად მუშაობს სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან, ყველანი ვთანხმდებით, რომ ცვლილებები გარდაუვალია რეფორმის განვითარებისთვის“, – განაცხადა შიოლაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.
რაც შეეხება განმეორებითი ინსპექტირების შესაძლო გაფასიანებას, გიორგი შიოლაშვილის თქმით, ტექინსპექტირების ცენტრებს თავიანთი დროის 35-40%-ის განმავლობაში განმეორებითი ტექინსპექტირების სერვისის უფასოდ განხორციელება უწევთ, რაც მათთვის ფინანსურად საკმაოდ დამაზიანებელია. “აქედან გამომდინარე, ნამდვილად დგას საჭიროება და იგეგმება, რომ განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი გახდეს”, – დასძინა ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ.