ფსიქოთერაპიის სახლი „კამარა“ 12 წლის უკრაინელი ბიჭუნას ხელნაკეთი საფრთხობელას ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მან ეს ნივთიც კი უკეთილესი შექმნა.
„მისი ინტერპრეტაციით, „ის ბოროტი ძალებისგან იცავს ყველას, ვინც საფრთხეშია.“ – ვკითხულობთ ფოტოების აღწერაში.
„კამარა“, ღია საზოგადოების და თიბისი ფონდის მხარდაჭერით, უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასო ჯგუფურ არტთერაპიის პროცესს აგრძელებს.
ფსიქოთერაპიის სახლი წერს, რომ დროულად გაწეული დახმარება ადამიანებში აძლიერებს სირთულეების მიმართ გამძლეობის უნარის გამომუშავებას და იცავს მომავალში პოსტ ტრავმული სტრესის აშლილობის და დეპრესიის ჩამოყალიბებისგან.
„ბოროტებისგან მცველი საფრთხობელა. უკრაინელ დევნილთათვის განკუთვნილი უფასო თერაპიის პროგრამა გვაქვს ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის, მცირეწლოვან ბავშვთათვის, მოზარდებისთვის და ზრდასრულებისთვის.“ – წერს „კამარას“ დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.