LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმონიშვილი: არ არის გამორიცხული, ყინული ნელ-ნელა გალღვეს და პარტიები ერთ სივრცეში ვიხილოთ

52
ნიკა სიმონიშვილი

ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” და ოპოზიციის მიერ ცალ-ცალკე ინიცირებულ პროცესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აფასებს და აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, ყინული ნელ-ნელა გალღვეს და პარტიები ერთ სივრცეში ვიხილოთ.

როგორც სიმონიშვილი აღნიშნავს, შეხედულებები და დამოკიდებულებები დღიდან დღემდე იცვლება, რაც განპირობებულია იმითაც, რომ სამოქალაქო სექტორი  ორივე მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს:

“დღიდან დღემდე შეხედულებები, დამოკიდებულებები იცვლება, რაც განპირობებულია იმითაც, რომ სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს ორივე მხარესთან, აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთად უნდა დავსხდეთ და ვიმუშაოთ, ამიტომ არ არის გამორიცხული, ყინული ნელ-ნელა გალღვეს და საბოლოო ჯამში შესაძლებელია, მათ შორის კრიტიკული პოზიციებით, ერთმანეთთან შეუთანხმებლობით ვიხილოთ ეს პარტიები ერთად, ერთ სივრცეში, როცა ისინი ერთად ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რაც არის არა მხოლოდ მართლმსაჯულებაში, არამედ ზოგადად 12 პუნქტთან მიმართებით.

არაერთხელ მკაცრად გავაკრიტიკეთ და მათ შორის, მოვისმინეთ ევროპარლამენტარების კრიტიკაც პარალელურ პროცესებთან დაკავშირებით, ეს კრიტიკა მიემართებოდა მათ შორის ოპოზიციასაც არა მარტო ხელისუფლებას, რომ მნიშვნელოვანია მუშაობის ერთად დაწყება”, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

სიმონიშვილის თქმითვე, სასამართლო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს შინაარსობრივ საკითხებზე მოსაზრებებს წარუდგენენ:

“პროცესი უნდა გაიხსნას და შესაძლებლობა გვაქვს, ამ საკითხებზე ვისაუბროთ, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი რეკომენდაციები იქნება მოსმენილი და შესმენილიც. უფრო ძირეული პრობლემებია სასამართლო სისტემაში. ევროკომისიის მესამე რეკომენდაცია სასამართლო სისტემაზე საუბრობს, სისტემურ ცვლილებებზე მიგვითითებს და გვეუბნება, რომ ფუნდამენტური ცვლილებები უნდა გატარდეს და არა ისეთი ზედაპირული, როგორსაც ხელისუფლება გვთავაზობს”, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები