LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვგეგმავთ, რომ ზღვრული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული დაავადების სამკურნალო საშუალებებზე გავრცელდეს“ – რა ნიშნავს რეფერენტული ფასი, რომლის შემოღებაც იგეგმება წამლების გაიაფებისთვის

375
ფოტო

საქართველო გეგმავს მედიკამენტებზე ის ზღვრული ფასი განსაზღვროს, რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული კრიტერიუმებით დადგინდება.

რას ნიშნავს რეფერენტული ფასები და რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო ამ კუთხით – საკითხზე „ფორტუნას“ ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ნანა შაშიაშვილის განმარტებით, რეფერენტული ფასწარმოქმნა მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენების შედეგად შესაძლებელია, რომ მოქალაქეებისთვის სამკურნალო საშუალებები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

„შესაძლებელია დავაახლოოთ სხვა ქვეყნების ფასს და ამ მხრივ, დავზოგოთ ქვეყნის ბიუჯეტის ის ნაწილი, რაც მედიკამენტებზე იხარჯება. ასევე, დავზოგოთ მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები. რეფერენტულ პოლიტიკას ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა ახორციელებს, ასევე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც, როგორიცაა ავსტრალია, კანადა, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, იორდანია. რეფერენტულ პოლიტიკას ატარებენ ასევე, ბალტიისპირა ქვეყნები, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა. ზოგადად, ეს არის დაგეგმილი პრაქტიკა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ხარჯების შემცირება“, – აღნიშნა ნანა შაშიაშვილმა.

მისივე განცხადებით, სამინისტრომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო.

„ამ დროისათვის, არსებობს სხვადასხვა მექანიზმი რა მიმართულებითაც აქტიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. პირველი ეს არის, რომელი ქვეყნები იქნება შერჩეული რეფერენტულ ქვეყნებად. ამისათვის აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმების დაკმაყოფილება. მაგალითად, ერთ-ერთი კრიტერიუმია გეოგრაფიული სიახლოვე, ეკონომიკური შეთავსებადობა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის შედარებისას. როგორც წესი, რეფერენტულად ის სახელმწიფოები აირჩევა, რომელთაც მედიკამენტებზე დაბალი ფასი აქვთ.

მნიშვნელოვანია ფასების გამოთვლის მეთოდოლოგია, რომელიც ყველა ქვეყანას განსხვავებული აქვს და ამ მიმართულებით რამდენიმე მოდელი არსებობს. ზოგიერთი ქვეყანა ირჩევს საშუალო ფასს, ზოგი ყველაზე დაბალს. ჩვენთანაც იქნება გათვალისწინებული ფასების გამოთვლის მეთოდოლოგია და განვსაზღვროთ რომელი ტიპის სამკურნალო საშუალებებზე გავრცელდება.

ვგეგმავთ, რომ ზღვრული ფასები, რომელსაც დააწესებს ქვეყანა და რომელიც პაციენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი, პირველ ეტაპზე გავრცელდეს ქრონიკული დაავადების სამკურნალო საშუალებებზე, ონკოლოგიური პრეპარატებზე, რომელიც არის ყველაზე ძვირად ღირებული.

ჩვენს აქტიურ სამუშაო პროცესში ჩართულია, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, უშუალოდ მინისტრის ძალისხმევით ვახორციელებთ აღნიშნულ პროცედურას. ჩართული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ვფიქრობთ, შემდეგი წლიდან უკვე უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმას, რომ მოსახლეობისათვის ფასი გარკვეულ სამკურნალო საშუალებებზე იყოს შთამბეჭდავად დაბალი.

ხოლო შემდგომ ეტაპზე, უკვე გაფართოვდება იმ სამკურნალო საშუალებების ნუსხა, რომელიც დაექვემდებარება გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკას“, – განაცხადა ნანა შაშიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში.