რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ შესაძლოა ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლა აკრძალოს.
რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, შენგენის ვიზების შესაძლო შეჩერებაზე საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა ივან ვოლინკინმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსებისთვის ვიზაზე უარის თქმის მოწოდება ძირითადად „ოდიოზური პოლიტიკოსებისა“ და რუსოფობებისგან მოდის.
როგორც ვოლინკინმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებს ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთი, ჩეხეთისა და ესტონეთის საკონსულოები ვიზებს ფაქტობრივად აღარ აძლევენ.
რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს ევროპული ქვეყნების პრაგმატიზმის და საღი აზრის იმედი აქვს.
“თუმცა, მაშინაც კი, თუ წარმოვიდგენთ, რომ რუსებისთვის შენგენის ვიზების სრული შეწყვეტის მოლოდინი რეალობად იქცევა, ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ სავიზო თანამშრომლობის შექმნის შესაძლებლობაზე ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან”, – აღნიშნა მან TASS-თან საუბარში.
შეგახსენებთ, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პოლონეთი ინიციატივით გამოვიდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემა შეეზღუდათ.
ლიეტუვამ, ჩეხეთმა და ესტონეთმა ვიზების გაცემა შეაჩერეს, დანია და ნიდერლანდები კი მოკლევადიან ვიზებს აღარ გასცემენ.