LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ქართველი ერი ზარმაცია, გაუნათლებელი და არაკვალიფიციური, მეცნიერული ახსნა არ აქვს – აკაკი ცომაია

83
akaki-tsomaia-1

როდესაც ვსაუბრობთ სამუშაო ძალის დეფიციტზე, პირველ რიგში, პრობლემას უნდა შევხედოთ თავისუფალი ბაზრის კანონების მიხედვით. არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ქართველი ერი ზარმაცია, გაუნათლებელი და არაკვალიფიციური, მეცნიერული ახსნა არა აქვს, – ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს.

ის ქვეყანაში არსებულ კადრების დეფიციტის თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.

„ზოგადად, დეფიციტს წარმოქმნის გარემოება, რომელშიც რაღაც ძალები მოთხოვნას აძლევს რესურსში, საქონელსა თუ სერვისში დაბალი ფასის გადახდის შესაძლებლობას საბაზრო ფასთან შედარებით. ეს შეიძლება იყოს რაიმე კანონი, ან რეგულაცია. მაგალითად, ფასის ზედა ზღვარი. თუ ასეთი გარემოებები არ გვაქვს, ბაზრის კანონი უნდა აღსრულდეს. ამიტომ, იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს. ეს დროის საკითხია. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ხელფასების თეორია. სხვა სიტყვებით, დროებითი ფიქციაა.

მიმდინარე მდგომარეობას განაპირობებს ორი ფაქტორი: სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა და სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება. ზოგადად, პირველი დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდის ტემპზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი მეტი საქონლის ან მომსახურების შექმნაზე, რომელიც მიიღწევა მეტი რესურსის (სამუშაო ძალა და კაპიტალი) გამოყენებით ან/და პროდუქტიულობის გაუმჯობესებით. აქ ვგულისხმობ პოტენციურ (ან ბუნებრივ) და არა ფაქტობრივ ზრდას. მთლიანობაში, ეს ორი რამ ერთმანეთს უნდა დაემთხვეს მას შემდეგ, როდესაც ფასები მიაღწევს შესაბამის ნიშნულს. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ფასების თეორია. ესეც დროებითი ფიქციაა. თუმცა, ემპირიული დაკვირვებებით, დროის პერიოდი მოიცავს რამდენიმე კვარტალს და ზოგჯერ, ერთ წელსაც აღემატება. ხისტი ხელფასების კორექციის პროცესი კი შედარებით სწრაფად ხორციელდება. აკადემიურ ენაზე, ბაზრის კანონი უნდა აღსრულდეს და ეს ხდება მაშინ, როდესაც ფაქტობრივი და მოსალოდნელი ინფლაცია ერთმანეთს გაუტოლდება. მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: საგარეო მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ ბიზნესმა უნდა მოიზიდოს მეტი სამუშაო ძალა. თუმცა, თუ იმავე ხელფასად ის ამას ვერ ახერხებს, აქვს კიდევ ორი გზა: გაზარდოს პროდუქტიულობა ან/და ხელფასები. თუ პირველი არ გამოდის, რჩება მეორე. იმავე პროდუქტიულობაზე, ხელფასების ზრდას მოჰყვება ფასების ზრდა, რაც განაპირობებს შესაბამის დარგებში მოთხოვნის შემცირებას და ფაქტობრივი GDP უბრუნდება მის დომეინს – პოტენციურს (ან ბუნებრივს).

გვაქვს ძველი ნარატივი „შვილო ისწავლე, თორემ წახვალ პროფესიულ სასწავლებელში”, ეს ძალიან ცუდი სტერეოტიპია – ლევან ვეფხვაძე

რა სიდიდით უნდა გაზარდოს ბიზნესმა ხელფასები? ამ კითხვას პასუხობს სამუშაო ძალის მიწოდების ელასტიკურობის მიმდინარე მდგომარეობა ხელფასის მიმართ.  რა უფრო არაელასტიკურია, მით უფრო მეტად მოუწევს. სამუშაო ძალის კვალიფიკაციის გარდა, ელასტიკურობის სიდიდეზე გავლენას ახდენს ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ამიტომ, არგუმენტი, რომ მიმტანის კვალიფიკაციას მაღალი ანაზღაურება არ შეესაბამება, უსაფუძვლოა. ნობელის პრემიის მფლობელი, ცნობილი ქირურგი და სხვ., ხომ კვალიფიციურები არიან? მაგრამ მათი შემოსავალი ახლოსაც ვერ მოვა ჰოლივუდის ვარსკვლავის, ან ცნობილი ფეხბურთელის შემოსავალთან. ბაზრის კანონები ასე არ მუშაობს. კვალიფიკაცია ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი მრავალს შორის. ასე, რომ, გარკვეულ ვითარებაში (ცხადია თეორიულად) მიმტანისთვისაც შეიძლება ბიზნესს მოუწიოს ასტრონომიული ხელფასის გადახდა. ახლა დავასახელოთ რამდენიმე “წონიანი” მიზეზი იმ მრავალს შორის.

-გლობალიზაციამ და ტექნიკურმა პროგრესმა ტრადიციული არავაჭრობადი (none-trading) რესურსი გახადა ვაჭრობადი. არავაჭრობად საქონელზე ერთი ფასის კანონი ვერ გავრცელდება. სხვა სიტყვებით, ქვეყნებს შორის ვერ ხერხდება საქონლის, მომსახურების თუ რესურსის გაცვლა, ხოლო სამუშაო ძალა ერთ-ერთია მათ შორის. ამიტომ, ფასიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და გლობალური კონკურენციის მექანიზმი არ მოქმედებს. ვაჭრობად საქონელზე ასე, თუ ისე, ვრცელდება ერთი ფასის კანონი. ასე, თუ ისე, რადგან პრობლემას ქმნის ტრანსპორტირების (მანძილი), თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობისა და საგადასახადო სისტემის თემა. დღეს, პირობითი ნინო თუ გიორგი, რომელიც გარკვეულ დონეზე ფლობს საკომუნიკაციო ენებს, ზესტაფონიდან ახორციელებს პიცის მიწოდების სერვისს აშშ-ს ოჰაიოს შტატის ერთი მისამართიდან მეორე მისამართზე. დღეს, საზღვარგარეთ სწავლისა და დასაქმების ბევრად მეტი შესაძლებლობებია, ვიდრე ეს იყო ჩემს სტუდენტურ წლებში. გლობალური კონკურენცია გლობალური გამოწვევაა და ბიზნესს მოუწევს ამისთვის თვალის გასწორება. ხელფასებს შორის ღრმულის შემცირების ტრენდი სახეზეა.

-არასახელფასო შემოსავალი – რა არის ის მინიმალური დასაშვები ხელფასი, რომელზეც ადამიანი მზადაა რომ იმუშაოს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია შემოსავლის სიდიდე, რომელსაც ადამიანი გამოიმუშავებს არა მუშაობის შედეგად, არამედ იღებს საკუთრების ფლობიდან, სახელმწიფო შემწეობიდან და სხვა წყაროებიდან. რაც უფრო მაღალია არასამუშაო შემოსავალი, მით უფრო მაღალია ის მინიმალური ხელფასი, რომელზეც თანახმაა რომ დასაქმდეს. ორი ძირითადი ფაქტორი გვაქვს: ფულადი გზავნილები მზარდია და სოციალური დაცვის არსებული მექანიზმი დიდი პრობლემა. კი, მთავრობა (მთავრობები) არის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ამ პრობლემის წარმოქმნაში. სისტემის ნაკლში დამატებით ვგულისხმობ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც ემსახურება სოციალურად დაუცველების სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებასაც. სამუშაო ძალის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, სამუშაო ძალის მონაწილეობის კოეფიციენტი 50%-ის ფარგლებშია. ეს ძალზე დაბალი მაჩვენებელია.

სხვა ბევრი მიზეზის დასახელება შემიძლია, მაგრამ ისედაც დიდი პოსტი გამოვიდა“, – წერს აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში.

„აღარ არის ადამიანებისთვის საინტერესო იმ ანაზღაურებაზე მუშაობა, რასაც დღეს ბაზარი სთავაზობს“ – მიზეზები, რამაც საქართველოში საკადრო დეფიციტი გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები