გერმანიაში, ვოლფსბურგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ერთ-ერთი ექსპონატი ცხოველთა უფლებების დამცველთა მოთხოვნის გამო აიღეს. აქტივისტთა აზრით, ბრიტანელი ხელოვანის დემიენ ჰერსტის ინსტალაცია სახელად „ასი წელი“ არც მეტი არც ნაკლები ბუზების უფლებებს არღვევს. ინფორმაციას ამის შესახებ Insider ავრცელებს.
ექსპონატი წარმოადგენს გამჭვირვალე კუბს, რომელიც ორ ნაწილადაა დაყოფილი. ერთ ნაწილში ბუზები იბადებიან, მეორეში კი ულტრაიისფერი ნათურა ანათებს. ბუზებს შუქი იზიდავთ და ყოველ ჯერზე, როცა ისინი მისკენ მიემართებიან – იწვებიან. ამ გზით ხელოვანს „კუბში მოქცეული ცხოვრებისეული ციკლის“ დემონსტრირება სურდა.
ცხოველთა უფლებების დამცველთა განცხადებით, ასეთი ექსპონატი არღვევს კანონს ცხოველთა დაცვის შესახებ, რომლის მიხედვითაც საპატიო მიზეზის გარეშე ცხოველებისთვის ზიანის მიყენება დაუშვებელია.
ევროპის ბევრ ქვეყანაში ცხოველთა უფლებებს საკმაოდ მკაცრი კანონები იცავს. ევროკავშირი კი ამზადებს საერთაშორისო კანონმდებლობას, რომელმაც 2024 წლიდან შინაური ცხოველების ცხოვრება უნდა გააუმჯობესოს. ახალი წესი ცხოველის ყოლას, გაყიდვას და ტრანსპორტირებას გააკონტროლებს.