სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიმართვას ციხიდან მისი შვილი, ნინი გოგაშვილი ფეისბუქზე ავრცელებს.
მიმართვაში გოგაშვილი მხოლოდ მადლობას იხდის ოჯახის, ახლობლების, სასულიერო პირების, ასევე მედიის მიმართ და ამბობს, რომ დრო და დრო, მეგობრების დახმარებით გაავრცელებს განცხადებებს:
“მშვიდობა მოკეთეებო. აი, მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით.
ახლა მოკითხვები და მადლობა ჩემო წმინდა ოჯახო. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. თქვენ თუ მაგრად და ერთად იდგებით, მე აქ არაფერი არ გამიჭირდება. ჩემო თეა, ჩემო მეგობარო, ხო მეუბნებოდი სულ, რომ ქვა და რკინა ვარო, ხოდა ახლა დადექი მტკიცედ და მართე ოჯახი კარგი ვაჟკაცივით.
მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი კამეჩი ვარ, ხომ იცით, მადლობა ჩემს ადვოკატებს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ყველას ჩემებს, მაჩხაანიდან დაწყებული ტვიბით დამთავრებული.
მადლობა ჩემი ოჯახის გვერდში დგომისთვის, მადლობა ამხელა ჯარი რომ დგას მანდ, მადლობა სასულიერო პირებს, მეუფეებს, მამებსა და დედებს. გთხოვთ მოიხსენიეთ მონა ღვთისა იოსები.
დიდი მადლობა მედიას, რომელიც 24 საათის განმავლობაში აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, მეიმედებით. დიდი მადლობა სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივ კავშირზე არიან ჩემთან.
დიდი მადლობა ყველა იმ პოლიტიკოსს, არასამთავრობოსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს, რომლებიც ზუსტად ხვდებიან რაც ხდება ჩვენს თავს და სწორ აქცენტებს აკეთებენ. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებს, ბოლო ნათელი წერტილი შემორჩენილხართ სუსში.
მადლობა ასევე ჩემს ახალ მასპინძლებს – ციხის დირექციის თანამშრომლებსა და მედპერსონალს, რომლებიც თავს მევლებიან. მოკლედ სულ ესაა ამ ეტაპზე. ინფორმაციას მუდმივად მოგაწვდიან ჩემი სანდო მეგობრები, რომლებსაც წინასწარ დავუტოვე გამზადებული სტატუსები.
იოსებ გოგაშვილი“. – ვკითხულობთ მიმართვაში.
ამავე თემაზე:
სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – გამოძიება 3 მუხლით დაიწყო