თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია” კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია, რომელიც ემორის უნივერსიტეტისა და თსსუ-ის თანამშრომლობით, ამ ეტაპზე, თბილისში მიმდინარეობს.
აკადემიის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა იმ უნარ-ჩვევების განვითარებასა და სრულყოფას, რომელიც მათ ეხმარება სოციალურ გარემოში ინტეგრაციასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.
როგორც თსსუ-ის პროფესორი და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, არჩილ უნდილაშვილი განმარტავს, აკადემია ფიზიკური თუ ნევროლოგიური შეზღუდვების მქონე ბავშვების სოციალურ ინტეგრაციას უწყობს ხელს. „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია” ერთობ მნიშვნელოვანი პროექტია. ის ორიენტირებულია ფიზიკური თუ ნევროლოგიური შეზღუდვების მქონე ბავშვების აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე“, – აღნიშნავს არჩილ უნდილაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიაში” აღსაზრდელებთან მუშაობა მიმდინარეობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით. ბავშვების საერთო საჭიროებების შესაბამისად შემდგარ ჯგუფებს კი კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ასისტირებას უწევენ ქცევის თერაპევტები.
„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის” დირექტორი ნინო ოქროსაშვილი განმარტავს, რომ აკადემია მომსახურებას ამბულატორიული და აკადემიური მიმართულებით ახორციელებს.
„ამბულატორიული მიმართულება, მოიცავს, როგორც დიაგნოსტიკას, ისე თერაპიულ ნაწილს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიად. ორივე შემთხვევაში ხდება თითოეული ბავშვის უნარის შეფასება და მასზე დაყრდნობით საგანმანათლებლო, თერაპიული პროგრამის შედგენა. რაც შეეხება აკადემიურ ნაწილს, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და შემდგომ სრულყოფას. ასევე, ხელი შევუწყოთ ბავშვების იმ სოციალური და ემოციური უნარების მომწიფებას, რომელიც მათ დაეხმარება, შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ბუნებრივ გარემოში. გარდა ამისა, აკადემიის მომსახურებით სარგებლობისას, მშობელს თავისუფლად შეუძლია დატოვოს შვილი უსაფრთხო გარემოში დღის (ან დღის გარკვეული მონაკვეთის) განმავლობაში და დარწმუნებული იყოს, რომ მთელი ის დრო სრულად შევსებული და დაგეგმილი იქნება კონკრეტული ბავშვის საჭიროებებზე მორგებული აქტივობებით“,- განმარტავს ნინო ოქროსაშვილი.
რატომ ინოვაცია ?
აქამდე, აღნიშნული მომსახურება საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომი იყო ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისათვის, დღეს კი თსსუ-ის „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია” უკვე მუშაობს აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებთანაც.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია”, ემორის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის მომსახურებას მოიცავს, რაც გულისხმობს ადაპტირებულ და უსაფრთხო გარემოს, ინვენტარს და კვალიფიციურ მულტიდისციპლინურ გუნდს.
თსსუ-ის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი ამბობს, რომ „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია”, ასევე, წარმოადგენს შესანიშნავ ბაზას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შესაბამისი პრაქტიკისა თუ აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად.
თსსუ-ის „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია” მდებარეობს თბილისში, გუდამაყრის ქ. N4-ში. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 18 საათამდე: 599 03 91 88, [email protected], ecda.ge, Facebook/ecda